”მაკლარენი” მტაცებლობას არ აპირებს
McLaren
25 ოქტომბერი
ბრიტანულმა გამოცემა ”დეილი მეილმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ”მაკლარენი” მსოფლიოს ახალი ჩემპიონის, ბრიტანელი ჯენსონ ბატონის გადაბირებას ცდილობს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბატონით დაინტერესებას ინგლისური გუნდის ტიტულოვანი სპონსორი - სატელეკომუნიკაციო გიგანტი ”ვოდაფონი” ავლენს, რომელსაც თითქოს, ”მაკლარენში” ერთბაშად ორი ბრიტანელი ჩემპიონის ხილვა სურს.
”დეილი მეილი” ირწმუნებოდა, რომ ბატონსა და ”ბრაუნს” შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ ხერხდება, რადგან ჩემპიონმა იმაზე მეტი ხელფასი მოითხოვა, რისი გაღებაც კონსტრუქტორთა პირველობის გამარჯვებულს შეუძლია.
გავრცელებულ ინფორმაციას ”ვოდაფონის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის გამონათქვამიც ამტკიცებდა - ”ნებისმიერი გუნდი ისურვებდა ორი ჩემპიონის ყოლას”. მაგრამ კიმი რაიკონენიც ხომ ჩემპიონია?
მოკლედ, მალე გაირკვა, რომ ”დეილი მეილის” ინფორმაცია უსაფუძვლოა და მისი მიზანი, ხმაურიანი სათაურით მკითხველის ყურადღების მიქცევა იყო - ”მერსედეს-ბენც მოტორშპორტის” შეფმა ნორბერტ ჰაუგმა განაცხადა, რომ ”მაკლარენი” მეტოქე გუნდებისთვის პილოტების აწაპვნას არ აპირებს.
რა თქმა უნდა, ინგლისური გუნდის სახელით, მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი უნდა ლაპარაკობდეს. ჰაუგი კი სწორედ ”მაკლარენის” ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რადგან გერმანულ კომპანიას ინგლისური გუნდის აქციების 40 პროცენტი ეკუთვნის. პარალელურად, ”სამქიმიანები” ”ბრაუნის” პარტნიორებიც ხდებიან და ბუნებრივია, მათთვის ჩემპიონის წართმევა მათს ინტერესებში არ შედის.
ჰაუგი ასევე აღიარებს, რომ ”მაკლარენი” კიმი რაიკონენის გადაბირებითაცაა დაინტერესებული. თუმცა დასძენს კიდეც, რომ არსებობენ სხვა ტოპ პილოტებიც, რომლებსაც გუნდი სიამოვნებით მიიღებდა. პილოტების არჩევისას კი, მთავარი კრიტერიუმი ის იქნება, თუ რა მიზანი ამოძრავებს მრბოლს - ფული, თუ წარმატების მოტივაცია.
”კიმი კარგი ვარიანტია, მაგრამ ჩვენ სხვა ვარიანტებიც გაგვაჩნია. ერთ რამეში დარწმუნებულნი ვართ - ბიჭები, რომლებსაც პირველ რიგში ფული აინტერესებთ, ჩვენ არ გვჭირდებიან. ამ შემთხვევაში, სახელს მნიშვნელობა არ აქვს. ამჟამად ვინაობის დასახელება არ მინდა, მაგრამ დარწმუნებით მაინც ვიტყვი, რომ ჩვენ მხოლოდ კარგ შედეგებზე ორიენტირებული პილოტი გვჭირდება და არა ის, ვინც მოვა და გვეტყვის - მე სახელოვანი ვარ და თუ სოლიდურ თანხას გადამიხდით, თქვენთვის გავირჯები. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად მოტივირებულია პილოტი”, - ამბობს ჰაუგი და დასძენს, რომ ამ სეზონის მეორე ნაწილში ”მაკლარენის” კარგი გამოსვლა იმის იმდს იძლევა, რომ მერმის გუნდი კვლავ პირველობისთვის იბრძოლებს.
”ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონკურენტუნარიანები ვართ - ლუისმა რბოლები მოიგო და ის ბიჭები დაამარცხა, რომლებიც ტიტულისთვის იბრძოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება”, - ამბობს ჰაუგი.
No comments:
Post a Comment