იაპონიის დიდი პრიზი
Japan GP
3 ოქტომბერი
სუზუკა. დისტანცია 305.416 კმ (4.558 კმ - 67 წრე)
სამწლიანი პაუზის შემდეგ, სუზუკა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარს დაუბრუნდა. ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრასა კალენდრიდან მას შემდეგ ამოვარდა, რაც ”ტოიოტამ” ფუძის ტრასას რეკონსტრუქცია ჩაუტარა.
შემდეგ, ფუძის და სუზუკას მფლობელებმა (სუზუკა ჰონდას საკუთრებაა) მოილაპარაკეს, რომ იაპონიის დიდი პრიზისთვის მორიგეობით, სეზონის გამოტოვებით ემასპინძლათ, მაგრამ ამ ზაფხულს ფუძიმ თავისი რიგიც სუზუკას დაუთმო. ასე რომ, 2009-2011 წლებში იაპონურ რანდევუს ამიერიდანაც ეს ტრასა უმასპინძლებს ხოლმე, რომელსაც უქმეობის პერიოდში, ასევე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.
სენასა და პროსტის ავარია (1990 წელი)სუზუკას სვტოდრომი ამავე სახელწოდების მქონე ქალაქის მახლობლად მდებარეობს. ის სხვა ავტოდრომებისგან იმით გამოირჩევა, რომ ერთგვარი 8-იანის ფორმა აქვს და თავისი სწრაფი მოსახვევებით, პილოტებს სერიოზულ გამოცდას უტარებს.
ტრასა 1961 წელს, ჯონ ჰუგენჰოლცის პროექტით და ”ჰონდას” დაკვეთით აშენდა. მაშინ იაპონურ კომპანიას ეს ავტოდრომი საკუთარი საგზაო ავტომობილების გამოსაცდელად ესაჭიროებოდა. შემდეგ მასზე რბოლების ჩატარებაც დაიწყეს.
ტრადიციულად, იაპონიის დიდი პრიზი სეზონის მიწურულს ტარდება ხოლმე, რის გამოც, მის შემდეგ ხშირად ვლინდება ხოლმე ჩემპიონი. ამიტომ, აქაური რბოლები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხოლმე. იაპონიის 25 დიდ პრიზზე მსოფლიოს ჩემპიონი 12-ჯერ გამოვლინდა, რაც შთამბეჭდავი რიცხვია.
იმის გამო, რომ ტრასაზე უხვადაა როგორც სწრაფი, ასევე ნელი მოსახვევები, მასზე რბოლისთვის მანქანის იდეალურად მომართვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუ ნელი მოსახვევის სწრაფად გავლას მოინდომებ, სწრაფ მოსახვევებში წააგებ და პირიქით. ერთი შეხედვით, უკეთესი იქნება, თუ სწრაფ მოსახვევებს უფრო ჩქარა გაივლი, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ამის გამო, პილოტი წრეზე ძალიან ბევრ დროს კარგავს. ამიტომ, ყველაზე კარგი გამოსავალი ავტომობილის კომპრომისულად დარეგულირებაა.
სენასა და პროსტის ავარია (1989 წელი)რაც შეეხება იაპონიის დიდ პრიზს. ამომავალი მზის ქვეყანაში ავტორბოლები უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ამბობენ, საავტომობილი შეჯიბრები იქ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ტარდებოდა. ავტოსპორტის პოპულარიზაციის სწრაფ ზრდას კი ქვეყანაში ორი ავტოდრომის - სუზუკას (ააგო ჰონდამ 1961 წელს) და ფუძის (მიცუბიში - 1964 წელს) აშენებამ შეუწყო ხელი. იაპონიის პირველი დიდი პრიზი 1963 წელს ჩატარებულა და ის ბრიტანელ პიტერ უორს, სპორტული ”დაცუნ ფეარლედი 1500-ით” მოუგია.
70-იან წლებში იაპონიის დიდი პრიზი ფორმულა 2-ის ავტომობილებით ტარდებოდა და მასში მონაწილეობას ფორმულა 1-ის პილოტებიც (მაგალითად, ბრიტანელი ჯონ სარტიზი და ფრანგი ჟაკ ლაფიტი) ღებულობდნენ. 1976 წელს კი იაპონია მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში შეიტანეს. პირველ რბოლას ფუძის ავტოდრომმა უმასპინძლა და ის კოკისპირულის აკომპანიმენტით ჩატარდა. ძლიერი წვიმის გამო, ჩემპიონატის ლიდერმა, ავსტრიელმა ნიკი ლაუდამ პირვლივე წრეზე შეწყვიტა ასპარეზობა (მეტისმეტად სახიფათოდ ჩათვალა), მის არყოფნაში კი ჩემპიონი ბრიტანელი ჯეიმს ჰანტი გახდა. მაგრამ შემდეგ სეზონში, იაპონიის რბოლას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რის გამოც, ის კალენდრიდან ამოიღეს. ავარია კანადელ ჟილ ვილნევს და შვედ რონი პეტერსონს მოუვიდათ: ვილნევის ”ფერარი” უკნიდან დაეჯახა პეტერსონის ექვსბორბლიან ”ტირელს”, ჰაერში აიჭრა, დამცავ ზღუდეს გადაუფრინა და მის იქით მდგარ ხალხს დაეცა თავზე. პილოტი გადარჩა, მაგრამ ორი ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ათამდე კი დაშავდა.
ტრაგედიის მიუხედავად, რბოლა მაინც გაგრძელდა და ის ჰანტის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა არც გამარჯვებული და არც მეორეზე გასული არგენტინელი კარლოს როიტემანი კვარცხლბეკზე არავის უნახავს - მათ აეროპორტში, რეისზე აგვიანდებოდათ. კვარცხლვებკე კი მხოლოდ ერთი პილოტი - მესამეზე გასული ფრანგი პატრიკ დეპაიე ავიდა.
1987 წელს იაპონია კვლავ შეიტანეს კალენდარში, ოღონდ ამჯერად, რბოლის მასპინძლობა სუზუკას მიენდო. იქიდან მოყოლებული, ამომავალი მზის ქვეყანა ფორმულა ერთის ქარავანს ყოველწლიურად ღებულობს.
სუზუკაზე პირველივე რბოლა ძალიან საინტერესო გამოდგა. სწორედ მასზე, ბრიტანელმა ნაიჯელ მენსელმა ზედიზედ მეორედ, ხელიდან გაუშვა ჩემპიონობა - ვარჯიშის დროს სერიოზული ავარია მოუვიდა და თავი ჰოსპიტალში ამოყო. რბოლა ავსტრიელმა გერჰარდ ბერგერმა მოიგო, ჩემპიონი კი (მესამედ) მენსელის ბრაზილიელი თანაგუნდელი ნელსონ პიკე გახდა.
1989 და 1990 წლებში, სუზუკაზე ორი ლეგენდარული ავტომრბოლის, ფრანგი ალენ პროსტისა და ბრაზილიელი ქაირტონ სენას თავზეხელაღებული პაექრობა გაიმართა. ორივე შემთხვევაში, მათი ჭიდილი ავარიით დასრულდა.
პირველ რბოლაში, ავარიის შემდეგ, სენამ რბოლის გაგრძელება შეძლო და ფინიშთან პირველიც კი მივიდა, მაგრამ მსაჯებმა ავარია მას დააბრალეს და ჩემპიონი პროსტი გახდა (რბოლა იტალიელმა ალესანდრო ნანინიმ მოიგო). მეორედ, ავარია პირველივე მოსახვევში მოხდა. ოღონდ, ამჯერად ის ბრაზილიელმა გამოიწვია. თუმცა მსაჯებს ის აღარ დაუჯარიმებიათ. სენა ჩემპიონი მეორედ გახდა, რბოლა კი პიკემ მოიგო. მეორეზეც ბრაზილიელი პილოტი - პიკეს თანაგუნდელი (ბენეტინში, ახლანდელ რენოში) რობერტო მორენო გავიდა, კვარცხლბეკი საფეხური კი იაპონელმა გური სუზუკიმ დაიკავა. სხვათა შორის, ფ1-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კვარცხლბეკზე იაპონელი პილოტი ავიდა.
1991 წელსაც, სუზუკაზე ჩემპიონის ტიტული სენამ მოიპოვა. ამჯერად, მენსელთან პაექრობაში. ლიდერი სენა იყო, რის გამოც მენსელს გარისკვა სჭირდებოდა. მანაც გარისკა და რბოლა ტრასის მიღმა, ხრეშის დამცავ ზოლში დაასრულა. სენამ კი მთელი რბოლა წინ არავინ გაუშვა, თუმცა ბოლო მოსახვევში გამარჯვება თავის პარტნიორ ბერგერს დაუთმო.
1993 წელს, იაპონიაში სენამ გაიმარჯვა. ეს მისი ბოლოსწინა გამარჯვება იყო. რბლა ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა. მასზე ირლანდიელი ედი ირვინის დებიუტიც შედგა. ახალბედამ დეიმონ ჰილს დაძაბული პაექრობა გაუმართა და ლამის სენა დაამტვრია, რის გამოც, რბოლის შემდეგ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისგან ”ყურის აწევა” დაიმსახურა.
1999 წელს სუზუკაზე დაუბრუნდა რბოლებს მიხაელ შუმახერი, ვინც სილვერსტოუნზე მომხდარ ავარიაში ფეხი მოიტეხა და ამის გამო იუქმა. ჩემპიონობის შანსი მის თანაგუნდელ (ფერარი) ირვინს ჰქონდა. ირლანდიელს შუმახერის დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ მსახურმა წითელი ბარონისგან ვერაფერი მიიღო - შუმახერს აშკარად არ სურდა, რომ ბოლო ოც სეზონში ”ფერარისთვის” პირველი ტიტული ირვინს მოეპოვებინა. ამიტომ, ყოველგვარი თავგამოდების გარეშე, თავისი ”კვიცით” ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა. რბოლა კი ფინელმა მიკა ჰაკინენმა მოიგო და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ჩემპიონის წოდებას.
მომდევნო წელს, შუმახერმა სწორედ სუზუკაზე მოიპოვა თავისი მესამე ტიტული. ბოლო 21 სეზონში ეს ”ფერარის” პილოტის პირველი ტრიუმფი გახდა.
2003 წელს, ჩემპიონის ვინაობა ისევ ფინელი და გერმანელი პილოტების პაექრობაში გაირკვა. ოღონდ, ამჯერად ფინელი კიმი რაიკონენი იყო. მიზნის მისაღწევად, მას მარტო გამარჯვება არ ჰყოფნიდა - შჲმახერს ქულაც არ უნდა აეღო. შუა რბოლაში გერმანელს ავარია მოუვიდა და ბოქსში ზედმეტად შესვლა მოუხდა, რის გამოც, ასპარეზობა მართლაც უქულოდ დაასრულა. მაგრამ მიზანს ვერც რაიკონენმა მიაღწია - მან ვერაფრით შეძლო შუმის ბრაზილიელ თანაგუნდელ რუბენს ბარიკელოს გასწრება. მოკლედ, რბოლა რუბინიუმ მოიგო, ჩემპიონი კი შუმახერი გახდა...
No comments:
Post a Comment