”უილიამსი” 14 გუნდის წინააღმდეგია
Williams oppose F1 expansion (Reuters)
5 ოქტომბერი
სერ ფრენკ უილიამსი
..............................................................
”უილიამსი” წინააღმდეგია, რომ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობა 14-მდე გაიზარდოს. ასე რომ, ”ბეემვე ზაუბერის” ახალ მფლობელებს თავიანთი რიგის ცდა მანამ მოუწევთ, სანამ ახლანდელი გუნდებიდან რომელიმე ჩემპიონატს დატოვებს.
”ჩემპიონატში ყოველთვის 13 გუნდი მონაწილეობდა და შემდეგშიც ასე იქნება. ”ზაუბერს” ურჩევნია, პირველი რეზერვის სტატუსზე იზრუნოს. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა. არალოგიკურია, როცა ერთი რომელიმე გუნდისთვის, ან პიროვნებისთვის წესებს ცვლი”, - ამბობს ”უილიამსის” შეფი და თანამოწილე, სერ ფრენკ უილიამსი.
მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” მსოფლიო ჩემპიონატის დატოვების შესახებ გამოაცხადა, ”ზაუბერმა” დროულად ვერ მოაწერა ხელი თანხმობის ახალ ხელშეკრულებას, რის გამოც, მომავალ ჩემპიონატის მონაწილეთა სიიდან ავტომატურად ამოვარდა. მაგრამ ცოტა ხანში, გუნდის დამაარსებელმა და თანამფლობელმა პეტერ ზაუბერმა ინვესტორი - საინვესტიციო ფონდი ”ქადბაკი” მოიზიდა, რომელმაც გუნდის აქციების გამოსყიდვა ითავა. მაგრამ ჩემპიონატის მონაწილეთა სიაში დაკარგული თავისი ადგილი დაკავებული დახვდა - მის ნაცვლად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ლეგენდარული ”ლოტუსი” დააბრუნა.
პარალელურად, FIA იმაზე ზრუნვასაც შეუდგა, რომ მონაწილეთა სიაში ”ზაუბერი” მე-14 გუნდად შევიდეს. მაგრამ ამას ყველა გუნდის თანხმობა სჭირდება. მანამდე კი შვეიცარული გუნდი პირველი რეზერვის სტატუსით სარგებლობს.
უილიამსი, რომლის გუნდიც ერთ დროს ”ბეემვეს” პარტნიორი იყო და მისგან ძრავებს ექსკლუზიურად ღებულობდა, აცხადებს, რომ ჩემპიონატში 14 გუნდისთვის ადგილი არ არის და ამაზე ფედერაციასთან დისკუსიასაც არ აქვს აზრი, რადგან შესაბამის დებულებას თანხმობის ხელშეკრულება განსაზღვრავს და სრს ფედერაციასა და გუნდებს შორის შეთანხმება. თანხმობის ხელშეკრულების თუნდაც ერთი უმნიშვნელო პუნქტის შეცვლას კი უკლებლივ ყველა გუნდის თანხმობა სჭირდება.
”ეს რომ ”ფერარი” ყოფილიყო, რომელმაც შუა სეზონში მიატოვა ჩემპიონატი და მერე დაბრუნება გადაწყვიტა, ჩვენ რაიმე გზას გამოვნახავდით წესისთვის გვერდის ასავლელად. მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს გუნდთან, რომლის მფლობელთა შესახებაც არაფერი ვიცით. წარმოდგენა არ გვაქვს, რა გეგმები აქვთ მათ. საინტერესოა ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი და რა გეგმები აქვთ ფორმულა 1-თან დაკავშირებით”, - დასძენს უილიამსი.
”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში კი საქმეს სხვა კუთხით უყურებს. ის ფიქრობს, რომ აჩქარება არ ღირს, რადგან ახალი გუნდებიდან რომელიმემ შეიძლება ახალ სეზონამდე ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლოს და მაშინ, ”ზაუბერს” ხელს აღარავინ შეუშლის.
”ამ საქმესთან დაკავშირებით, ერთსულოვნება მოსალოდნელი არაა. ჩვენზე ტრომ იყოს დამოკიდებული, ”ზაუბერის” დაბრუნებას ხელს არ შევუშლიდით, რადგან ეს გუნდი FOTA-ს (ფორმულა ერთის გუნდების ასოციაცია) მუდმივი წევრია. ”ზაუბერის” გამო, მე დავეთანხმებოდი გუნდების რაოდენობის 14-მდე გაზრდას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მსოფლიო ჩემპიონატში 14 გუნდი მეტისმეტად ბევრია”, - ამბობს უიტმარში.
”ბეემვე ზაუბერის” ახლანდელი შეფი მარიო თაისენი კი აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, მალე გაიგოს, თუ რა ელის, რათა სპონსორების მოზიდვასა და პილოტების აყვანაზე იზრუნოს. ”ჯერჯერობით ვიცდით, მაგრამ დრო სულ უფრო ნაკლები გვრჩება. სპონსორებთან და პილოტებთან კონტრაქტებია საჭირო, მანქანა მოსამზადებელია. მოკლედ, ბევრი რამაა გასაკეთებელი, ჩვენ კი ჯერაც გაურკვევლობაში ვართ. არადა, ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს”, - ამბობს დოქტორი თაისენი.
No comments:
Post a Comment