ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, October 2, 2009

ავარიებით ”მდიდარი” კვალიფიკაცია

Japan GP

3 ოქტომბერი

სებასტიან ფეტელი
..................................................

გერმანელი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა იაპონიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო სესია, რომელიც ავაიების გამო, სამჯერ შეჩერდა. ფეტელის გარდა, პირველ სასტარტო რიგში დადგომის უფლება იტალიელმა იარნო ტრულიმაც მოიპოვა. მესამე შედეგი კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა დაიკავა, ვინც სეზონის მიწურულს, თავის ტიტულს გამოემშვიდობება.

ამ სამივეს თანაგუნდელებმა დღეს ავარიის სიმწარე გამოსცადეს. ოღონდ, ფეტელის ავსტრალიელ პარტნიორ მარკ უებერს ინციდენტი დილის თავისუფალი პრაქტიკის დროს შეემთხვა და მანქანა ისე დაუზიანდა, რომ კვალიფიკაციისთვის მისი შეცვლა ვერ მოესწრო. ამიტომ, უებერს არ უასპარეზია და რბოლასაც პიტლეინიდან დაიწყებს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ტრავმა არ მიუღია.

ალგერსუარის ავარია

.......................................................

ტრავმას ”ტორო როსოს” ესპანელი ხაიმე ალგერსუარიც გადაურჩა, ვინც საკვალიფიკაციო ავარიების სერია გახსნა. ეს რბოლის მეორე სესიაზე მოხდა და ასპარეზობა პირველად სწორედ მაშინ შეწყდა. ალგერსუარიმ ტრასის დამხმარე პერსონალის წყალობით დააღწია თავი დამტვრეულ კოკპიტს და საბედნიეროდ, ტრავმა არ მიუღია.

რბოლა ერთი წუთის განახლებული იყო, რომ სტიუარდებმა ისევ წითელი შუქი აანთეს - ასპარეზობა კვლავ შეწყდა. ამჯერად ავარიაში ტრულის გერმანელი თანაგუნდელი ტიმო გლოკი მოყვა. ალგერსუარისგან განსხვავებით, მან ტრასა საკაცით დატოვა, თუმცა სანამ მანქანაში მოათავსებდნენ, გულშემატკივარს ხელი დაუქნია, რითაც გვამცნო - სერიოზული არაფერი მჭირსო.

გლოკს წინა დღით მაღალი სიცხე (39) ჰქონდა, რის გამოც, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებზე მის ნაცვლად ”ტოიოტას” სარეზერვო პილოტმა კამუი კობაიაშიმ იასპარეზა. მაგრამ გერმანელი კვალიფიკაციისთვის მომჯობინდა და ტრასაზეც გამოვიდა. ახლა კი იაპონური გუნდი საშინაო რბოლაში ერთი პილოტით გამოვა. თუმცა, გამორიცხული არც ისაა, რომ FIA-მ კობაიაშის რბოლაში გამოსვლის უფლება მისცეს. ამ შემთხვევაში, იაპონელს სტარტის ბოქსიდან აღება მოუწევს.

მესამედ რბოლა მესამე სესიის დროს შეწყდა, როცა შედარებით მსუბუქი ავარია ფინელ ჰეიკი კოვალაინენს მოუვიდა. ”მაკლარენის” პილოტი ბოქსში თავისი ფეხით დაბრუნდა, თუმცა ტრასა მისი ”მაკლარენის” ნამსხვრევებით მოიფინა და რბოლა სწორედ ამის გამო შეწყდა.

კვალიფიკაციის დასრულებამდე წამებიღა რჩებოდა, როდესაც მანქანა შვეიცარიელმა სებასტიან ბუემიმაც დაამტვრია, თუმცა გზის გაგრძელება შეძლო და ბოქსშიც ევაკუაციის გარეშე დაბრუნდა. თუმცა ტრასა მანაც დაანაგვიანა, რს გამოც, სტიუარდებმა ყვითელი ალმები გამოფინეს.

ყვითელ ალამზე რამდენიმე პილოტმა სიჩქარის შეუმცირებლად გაიარა, რის გამოც, ისინი სასტარტო რიგში 5-5 ადგილით უკან დაწევით დააჯარიმეს. დაჯარიმებულთა შორის აღმოჩნდნენ: ადრიან სუტილი, რუბენს ბარიკელო, ჯენსონ ბეტონი, ფერნანდო ალონსო - ოთხივემ ყვითელზე სიჩქარის შეუმცირებლად გაიარა. ხუთი ადგილით უკან დასწიეს ბუემიც, რომელმაც დაზიანებული მანქანით ბოქსებამდე იარა და თან, გზად მანქანის ნამსხვრევებს ტოვებდა.

ამ ხუთეულის გარდა, 5-5 პოზიციით უკან დაიწიეს კოვალაინენმა და ვიტანტონიო ლიუციმაც, რომლებსაც მანქანებზე გადაცემათა კოლოფები ლიმიტის დარღვევით შეუცვალეს.

იაპონიის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:30.883 1:30.341 1:32.160

2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:31.063 1:30.737 1:32.220

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:30.917 1:30.627 1:32.395

4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:31.386 1:31.222 1:32.466

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:31.272 1:31.055 1:32.660

6. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:31.501 1:31.260 1:32.945

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:31.041 1:30.880 1:32.962

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:31.228 1:31.052 1:32.980

9. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:31.499 1:31.223

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:31.196 1:31.103

11. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:31.286 1:31.482

12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:31.401 1:31.638

13. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:31.417 1:32.341

14. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:31.550

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:31.571

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:31.704

17. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:31.718

18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:32.073

19. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:32.087

20. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) არ უასპარეზია

No comments:

Post a Comment