ლოებმა ლიდერობა გაზარდა
Rally of Great Britain
24 ოქტომბერი
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის - ბრიტანეთის რალის მეორე დღის შემდეგ, ფრანგი სებასტიან ლოები მეექვსე ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. იგი თავის მთავარ მეტოქეს, ჩემპიონატის ფინელ ლიდერ მიკო ჰირვონენს 30 წამს უგებს.
მეორე დღის პირველი სპეცმონაკვეთის შემდეგ, ჰირვონენმა ლოებთან ჩამორჩენა, რომელიც პირველი დღის შემდეგ 5 წამს შეადგენდა, 2.9 წამამდე შეამცირა, მაგრამ აქედან მოყოლებული, ფრანგმა სამხრეთ უელსის ტალახიანსა და ნისლით დაფარულ გზებზე სრული ჰეგემონია დაამყარა.
მესამე დღის ოთხ სპეცმონაკვეთზე ჰირვონენს ძალიან გაუჭირდება ჩამორჩენის აღმოფხვრა, რადგან ტალახიან გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ლობი, როგორც ლიდერი, ტრასაზე პირველი გადის. ამ დროს გზა შედარებით გასწორებულია, ყოველი ეკიპაჟის გავლის შემდეგ კი მისი კონდიცია უარესდება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატს ჰირვონენი ერთქულიანი უპირატესობით ლიდერობს. მაგრამ ლოებისთვის ნებისმიერი შედეგი მისაღებია, თუ ის რბოლას ფინელზე წინ დაასრულებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფრანგს თავის მეტოქეზე მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული და თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, სწორედ ამ ფაქტორის გამო, უპირატესობა მას მიენიჭება.
”ამ დილით მოსულმა წვიმამ საქმე გამიადვილა. მე უკეთეს გზაზე მიწევს გამოსვლა, ვიდრე დანარჩენებს და ეს სერიოზული უპირატესობაა”, - განაცხადა ლოებმა.
მისგან განსხვავებით, მეტოქის მიერ გაკვალული გზით უკმაყოფილო დარჩა ჰირვონენი, ვინც შიშობს, რომ მის მანქანასაც შეიძლება ისეთივე პრობლემები შეექმნას, როგორიც მის ზოგიერთ თანაგუნდელს ჰქონდა. ეს პრობლემები კი საჭის მექანიზმში წარმოიქმნა.
”გარკვეული მიზეზების გამო, სასურველ შედეგებს ვერ ვაღწევ. რა თქმა უნდა ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამოდის. ზოგ ადგილზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მანქანას მოხვევა არ სურს. შესაძლოა, ეს საჭის მექანიზმის ბრალია. არ ვიცი. საქმე გამირთულდა. ფაქტია, რომ ხვალ თავის გამოდება მომიწევს”, - განაცხადა ჰირვონენმა.
ბრიტანეთის რალის ორი დღის შემდეგ
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2:21.400
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) +00:30.200
3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:20.100
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 01:44.100
5. სებასტიან ოჟირი (საფრანგეთი, სიტროენი) 04:21.600
6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 05:22.800
7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 06:30.000
8. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 08:02.500
9. კონრად რაუტენბახი (ზიმბაბვე, სიტროენი) 12:00.100
10. აარონ ბურკარტი (გერმანია, სიტროენი) 16:28.200
No comments:
Post a Comment