ბარიკელოს ”უილიამსთან” კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია
Rubens Barrichello
14 ოქტომბერი
რუბენს ბარიკელო აცხადებს, რომ 2010 წლის სეზონისთვის კონტრაქტი ჯერ არავისთან გაუფორმებია, თუმცა აღიარებს, რომ ”უილიამსთან” და სხვა გუნდებთან, მათ შორის მის ახლანდელ გუნდ ”ბრაუნთანაც” აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას.
პადოკში ელიან, რომ ფორმულა 1-ის ყველა დროის ყველაზე გამოცდილი პილოტი, რომელიც თავის მე-17 სეზონს ატარებს, სწორედ ”უილიამსში” გადავა, სადაც ადგილს გერმანელ ნიკო როსბერგს გაუცვლის. ეს უკანასკნელი კი ”ბრაუნში” მის ადგილზე გადავა. ”უილიამსში” რუბინიუს თანაგუნდელი სერია GP2-ის ახალგამომცხვარი ჩემპიონი, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი იქნება.
ბარიკელო ღიად ამბობს, რომ ინტენსიური მოლაპარაკება აქვს ”უილიამსთან”, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ჯერ ”ბრაუნიდან” წამოსვლაც საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა.
”სრული სიმართლეა ის, რომ ”უილიამსთან” და ”ბრაუნიდან” მოლაპარაკება მაქვს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერ არცერთ გუნდთან კონტრაქტი არ გამიფორმებია”, - ამბობს ბრაზილიელი პილოტი, ვინც აჟამად ჩემპიონობისთვის იბრძვის და ჩემპიონატის ლიდერს, ბრიტანელ თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს 14 ქულით ჩამორჩება.
”ძალიან მიხარია, როცა ვგებულობ, რომ ჩემით რამდენიმე გუნდი არის დაინტერესებული. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ახლა ვაცნობიერებ, რომ ახლა გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვარ, ვიდრე თუნდაც ცოტა ხნის წინ. იმის თქმაც კი შემიძლია, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ და ჩემზეა დამოკიდებული, რომელ მანქანას ავირჩევ. ძალიან მინდა, რომ ეს კონკურენტუნარიანი მანქანა იყოს”, - ამბობს ბარიკელო, ვისი კარიერაც, ამ სეზონის დაწყებამდე, მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-დან ”ჰონდა” წავიდა, დასრულების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
მაშინ რუბინიუს ადგილის დაკავების რეალური პრეტენდენტები მისივე ახალგაზრდა თანამემამულეები - ლუკას დი გრასი და ბრუნო სენა იყვნენ, მაგრამ გუნდის ახალმა მეპატრონე როს ბრაუნმა გამოცდილი ბარიკელო ამჯობინა და არც შემცდარა. ახლა კი, მისი გუნდი ”მერსედეს-ბენცის” პარტნიორი ხდება, რომელსაც გუნდში გერმანელი პილოტის მიწვევა სურს...
No comments:
Post a Comment