ბარიკელო ”უილიამსში” გადადის
Rubens Barrichello
11 ოქტომბერი
ბრაზილიურმა პრესამ სწრაფად აიტაცა ტელეკომპანია ”გლობოს” მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი ვეტერანი რუბენს ბარიკელო მერმის ”უილიამსის” მანქანით იასპარეზებს და ამ გუნდში გერმანელ ნიკო როსბერგს შეცვლის.
მართალია, ორშაბათს ბარიკელოს ამალამ ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ გაზეთი ”ფოლია დე საუ პაულუ” კიდევ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რუბინიუ ”უილიამსში” იმაზე გაცილებით მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე ”ბრაუნში” ჰქონდა. მისი კონტრაქტის ფორმულაა 1+1, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა მხრიდან პრეტენზიის არქონის შემთხვევაში, კონტრაქტი ავტომატურად, 2011 წელზეც გავრცელდება.
ბარიკელოს ”უილიამსში” თანაგუნდელად ამომავალი გერმანელი ვარსკვლავი ნიკო ჰულკენბერგი ეყოლება, რომელმაც ამ სეზონში სერია GP2-ის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
ბრაზილიურ მედიაში იმაზეც წერენ, რომ მერმის ”უილიამსი” ”ტოიოტას” ნაცვლად ”კოსუორტის” ძრავებს მიიღებს. რამდენად მომგებიანია ასეთი ცვლილება სერ ფრენკ უილიამსის გუნდისთვის, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუმცა ინგლისური კომპანიის ძრავს რომ თავისი დადებითი თვისებებიც აქვს, ამის თაობაზე 9 ოქტომბერს, ”რედ ბულთან” დაკავშირებითაც მოგიყევით.
დაბოლოს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ”ბრაუნში” ბარიკელოს ნიკო როსბერგი შეცვლის, რომლის იქ გადასვლაც, პირველ რიგში, ”მერსედეს-ბენცის” დამსახურებაა.
No comments:
Post a Comment