ფორმულა 1 ჰაერში
Red Bull Air Race World Championship
8 ოქტომბერი
პოლ ბონჰომი გამარჯვებას ზეიმობს
........................................................................
დაახლოებით 800 000 ადამიანი დაესწრო საავიაციო რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, რომელსაც ბარსელონას სანაპირო ზოლმა უმასპინძლა. ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბულის” მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი (რომელსაც ხშირად საჰაერო ფორმულა 1-საც უწოდებენ ხოლმე) და მისი ბოლო ეტაპი, ბრიტანელი პოლ ბონჰომის გამარჯვებით დასრულდა.
ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა მოქმედი ჩემპიონი, ავსტრიელი ჰანს არჩი, ვინც შარშან სწორედ ბონჰომთან დაძაბულ პაექრობაში მოიპოვა თავისი ტიტული. მან 60 ქულა დაასრულა და 7 ქულით ჩამორჩა ბონჰომს, ვინც წინა ორ სეზონში ვიცე ჩემპიონის წოდებას სჯერდებოდა. 36 ქულით მესამეზე ჩემპიონატის ავსტრალიელი ახალბედა მეტიუ ჰოლი გავიდა.
პოლ ბონჰომი ფინიშის კარიბჭეში
........................................................................
ბარსელონას ეტაპი 6.4-კილომეტრიან საჰაერო ”ტრასაზე” ჩატარდა, რომელზეც პილოტებს 15 საჰაერო კარიბჭე ჰქონდათ გასავლელი. ბარსელონას რბოლის გამარჯვებულს მცირედით ჩამორჩა ბრიტანელი ნაიჯელ ლემბი, ვინც მისთვის წარუმატებელი სეზონი კვარცხლბეკზე ასვლით დაასრულა. რბოლაში მესამე ადგილი კი გერმანელმა ახალბედა მათიას დოლდერერმა დაიკავა, რომელმაც ერთხელ სანაპიროსთან მეტისმეტად ახლოს გაიფრინა და ამით მაყურებლები გვარიანად დააფრთხო.
”შესანიშნავია, გმადლობ ბარსელონა. ძალიან ბედნიერი ვარ. ამდენ ხანს არ მიმართლებდა, ახლა კი, ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონი გავხდი. რბოლის წინ ძალიან დაძაბული ვიყავი. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ლიდერობა არ დამეკარგა”, - ნაფინიშევს ხარობდა ბონჰომი, ვისაც არჩმა წინა დღის კვალიფიკაციის შემდეგ, 4-ულიანი უპირატესობა სამამდე შეუმცირა.
სეზონის განმავლობაში, ბონჰომმა სამი რბოლა მოიგო და ამდენივე მეორეზე დაასრულა. თუმცა მისი თვითმფრინავი ”ეჯ 540” ყველაზე სწრაფი მაინც არ იყო. კვალიფიკაციებში მას თითქმის ყოველთვის სჯობდა არჩი, რომელმაც სამი ეტაპის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო (ბონჰომის ერთის წინააღმდეგ). თუმცა რბოლებში უფრო სტაბილური ბრიტანელი იყო ხოლმე.
No comments:
Post a Comment