ჯერჯერობით, ლოები ლიდერობს
Rally of Great Britain
23 ოქტომბერი
ბრიტანეთის, კერძოდ კი სამხრეთ უელსის გრუნტიანი გზები რალის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპს - ბრიტანეთის რალის მასპინძლობს, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა უნდა გაირკვეს.
რბოლის პირველი დღის სპეცმონაკვეთების შემდეგ, ცხრილს სათავეში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები (სიტროენი) ჩაუდგა, რომელიც ჩემპიონატის ფინელ ლიდერ მიკო ჰირვონენს (ფორდი) სულ ხუთი წამით სჯობნის.
ჩემპიონატის ჩათვლაში, ჰირვონენს ლოებზე ერთი ქულით მეტი აქვს, მაგრამ თუ ისინი სეზონს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, უპირატესობა ფრანგს მიენიჭება, ვისაც მეტი მოგება აქვს.
ტიტულის მოცილეებმა პირველი დღე დანარჩენ მეტოქეებთან 35 წამის უპირატესობით დაასრულეს და როგორც ჩანს, მათს საჩემპიონო დავაში ვერც ვერავინ ჩაერევა.
დღის პირველი სამი სპეცმონაკვეთი ლოებმა მოიგო, თუმცა წვიმით დასველებულ და ნისლით დაბურულ გზებზე, საღამოს სპეცმონაკვეთებზე ჰირვონენმა ჩამორჩენის შემცირება შეძლო.
”საღამოს ძალიან გამიჭირდა. წარმოდგენაც არ მაქვს, რატომ ვიყავი ასეთი ნელი. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ხვალაც ტრასაზე პირველი გავალ. მიკო ძალიან სწრაფია და მასთან პაექრობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს”, - განაცხადა ლოებმა (სურათზე ასპარეზობისას).
ჰირვონენი, რომელიც კარიერაში პირველი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის, პირველ სამ სპეცმონაკვეთზე მეორე დრო უჩვენა, თუმცა მეოთხესა და მეექვსეზე ყველაზე სწრაფი იყო და ამის წყალობით, ლიდერთან ჩამორჩენა მაქსიმალურად შეამცირა.
”შესანიშნავი ბრძოლა გვაქვს. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რბოლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. კარგით, ამ დილით საუკეთესოდ არ მირბოლია, მაგრამ საღამოს უფრო სწრაფი ვიყავი. ჰოდა, იმედი მაქვს, რომ ხვალაც ასევე გავაგრძელებ”, - განაცხადა ჰირვონენმა.
ბრიტანეთის რალის შედეგები პირველი დღის შემდეგ
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 1:15:22.100
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) +00:05.300
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:40.500
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:41.600
5. სებასტიან ოჟირი (საფრანგეთი, სიტროენი) 02:41.300
6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 02:50.100
7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 03:23.000
8. კონრად რაუტენბახი (ზიმბაბვე, სიტროენი) 04:54.600
9. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 06:50.100
10. ეივინდ ბრინილდსენი (ნორვეგია, შკოდა) 07:52.000
No comments:
Post a Comment