ვის რა შანსი აქვს
4 ოქტომბერი
ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ტიტულისთვის ჯერაც სამი პილოტი იბრძვის. არადა, პირველი შვიდი ეტაპის შემდეგ, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, თუ სეზონის დასრულებამდე ორი რბოლით ადრე, ბრიტანელ ჯენსონ ბატონს ჯერაც არ ექნებოდა ტიტული განაღდებული.
პირველი შვიდი ეტაპიდან ხომ მას ექვსი მოგებული ჰქონდა და თანაც ისეთი სოლიდური უპირატესობით, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ საქმე აქამდე მივიდოდა. მართალია, უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელთან, ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოსთან მას 14 ქულა აშორებს, რაც სოლიდური უპირატესობაა, მაგრამ ხომ გახსოვთ, რა მოხდა ორი წლის წინ? მაშინ ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო (ორივე ”მაკლარენის” წევრი იყო) ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულს ეცილებოდნენ, გვირგვინი კი ”ფერარის” კიმი რაიკონენმა დაიდგა, ვინც ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, ლიდერ ჰამილტონს 17 ქულით ჩამორჩებოდა.
დღესაც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. ჩემპიონობისთვის ერთი გუნდის (ბრაუნი) ორი პილოტი - ბატონი და ბარიკელო, ასევე ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელი იბრძვიან. ამ უკანასკნელმა ტიტულის მოპოვების შანსი სუზუკაზე მოპოვებული გამარჯვებით შეინარჩუნა და რაიკონენის ჩემპიონიბის ისტორია რომ ახსოვს, იმედი აქვს, რომ თავადაც შესძლებს შეუძლებელს. მითუმეტეს, მანქანაც ამის საშუალებას აძლევს და მეტოქეებსაც გაუბედაობა ეტყობათ.
ახლა კი გადავხედოთ სამივეს მდგომარეობას და რიცხვების და ვარაუდების მოშველიებით, მათი შანსები შევაფასოთ.
ჯენსონ ბატონი
დარჩენილ ორ რბოლაში მისთვის საკმარისი იქნება, თუ რბოლებს მე-6 ადგილზე ქვემოთ არ დაასრულებს. ტუ ის ორივე შემთხვევაში მე-6 ადგილზე გავა, რბოლებს კი ბარიკელო მოიგებს, იინი თანაბარ ქულებს (91) დააგროვებენ, ჩემპიონი კი ბატონი გახდება, რადგან მას 6 რბოლა აქვს მოგებული, ბრაზილიელს კი მხოლოდ 4 გამარჯვება დაუგროვდება.
თუ დარჩენილ ორივე რბოლას ფეტელი მოიგებს, ბატონს ჩემპიონიბისთვის ორივე შემთხვევაში მე-7 ადგილებიც ეყოფა.
რუბენს ბარიკელო
რუბინიუმ ორივე რბოლა უნდა მოიგოს და იმის იმედზე იყოს, რომ მისი თანაგუნდელი ამ ორ რბოლაში 5 ქულაზე მეტს ვერ აიღებს. ბატონმა მეტი ქულა დააგროვა, ჩემპიონიც ულაპარაკოდ გახდება.
თუ ბარიკელო ერთს მოიგებს, მეორეში კი მეორე ადგილს დასჯერდება, მაშინ ბატონმა 3 ქულაზე მეტი ვერ უნდა აიღოს.
სებასტიან ფეტელი
ფეტელს ორი გამარჯვება სჭირდება. ამ შემთხვევაში, ბატონმა 3 ქულაზე მეტი ვერ უნდა დააგროვოს. თუ გერმანელი მხოლოდ ერთს მოიგებს და ერთხელაც მეორე ადგილს დასჯერდება, მაშინ ბატონმა ერთ ქულაზე მეტი ვერ უნდა აიღოს. რაც შეეხება ბარიკელოსთან ურთიერთობას, ფეტელმა ბრაზილიელზე ორი ქულით მეტი უნდა აიღოს და თუ ბატონსაც გაასწრო, მისთვის არც რუბინიუ იქნება ხელის შემშლელი.
დაბოლოს, ბატონი ჩემპიონობას ბრაზილიური ეტაპის შემდეგვე გაინაღდებს, თუ:
- ფინიშთან პირველი, მეორე, ან მესამე მივა;
- თუ მე-4, ან მე-5 იქნება, ბარიკელო კი რბოლას ვერ მოიგებს;
- თუ მე-6, ან მე-7 ადგილს დაიკავებს, ბარიკელო მე-3 ადგილს ვერ ასცდება, ფეტელი კი - მეორე ადგილს;
- თუ ბატონი მხოლოდ ერთ ქულას აიღებს, ბარიკელო მე-4 ადგილზე ზევით ვერ უნდა გავიდეს, ფეტელი კი - მე-3-ზე ზევით;
- და თუ ბატონი რბოლას უქულოდ დაასრულებს, ბარიკელო მე-5 ადგილზე წინ არ უნდა გავიდეს, ფეტელი კი - მე-3-ზე ზევით.
No comments:
Post a Comment