”უილიამსი” ”ტოიოტას” დაშორდა
Williams split with Toyota
14 ოქტომბერი
უილიამსმა დაადასტურა, რომ ამ სეზონის დასრულებისთანავე შეწყვეტს ”ტოიოტასთან” პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ორ კომპანიას შორის 2007 წლის სეზონის დასაწყისში დაიწყო. მათი გაყრა მოსალოდნელი იყო, რადგან ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა ღიად აღნიშნავდა, რომ იაპონურ გუნდთან ურთიერთობის შეწყვეტა სურდა.
გუნდის შეფმა სერ ფრენკ უილიამსმა ”ტოიოტას” მადლობა მოახსენა იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც იაპონურმა კომპანიამ მის გუნდს ბოლო სამი სეზონის განმავლობაში გაუწია.
”ჩვენი გუნდისთვის მეტად მძიმე პერიოდში, ”ტოიოტა” გვერდით დაგვიდგა და ძრავებით მომარაგება ითავა და უნდა ვთქვა, რომ ძალიან ღირსეული პარტნიორი გამოდგა, რადგან ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა ჩვენს დამოუკიდებლობას და უმაღლესი დონის ტექნიკურ პროდუქტს გვაწვდიდა, ზუსტად ისეთს, როგორსაც საკუთარ გუნდს. ვამაყობთ იმით, რომ ასეთ შესანიშნავ კომპანიასთან ვთანამშრომლობდით. რაც მთავარია, თანამშრომლობისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდით. განსაკუთრებით მადლიერნი ვართ იმ ინჟინრებით და ტექნიკოსებით, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში, ჩვენს გუნდთან ერთად, დაუღალავად შრომობდნენ”, - ამბობს სერ ფრენკ უილიამსი.
თავისი აწ უკვე ყოფილი პარტნიორის მისამართით, რევერანსები არც ”ტოიოტა მოტორსპორტის” შეფმა ტადაში იამაშინამ დაიშურა და იმედი გამოთქვა, რომ ამ პარტნიორობით, საბოლოოდ სარგებელს ორივე გუნდი ნახავს.
ჯერჯერობით უცნობის, თუ რომელი კომპანიის ძრავით ჩაანაცვლებს ”უილიამსი” იაპონურ აგრეგატებს. ამ ეტაპზე, ”რენოსა” და ”კოსუორტის” ვარიანტები განიხილება.
No comments:
Post a Comment