ალონსოს ადგილს კუბიცა დაიკავებს
Kubica replaces Alonso at Renault F1
7 ოქტომბერი
”ფერარიში” გადასული ფერნანდო ალონსოს ნაცვლად, მერმის ”რენოში” პოლონელი რობერტ კუბიცა დაიკავებს. ფრანგულ გუნდში კონტრაქტის პირობებზე არაფერს ლაპარაკობენ, თუმცა იმას კი ადასტურებენ, რომ ის ძალაში მომავალი სეზონიდან შევა.
მართალია, 24 წლის კუბიცას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ”ბეემვე ზაუბერმა” ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მას რამდენიმე გუნდმა შესთავაზა გადასვლა და ხელსაყრელი კონტრაქტი. მისი გადაბირება ”ტოიოტას” და ”უილიამსს” სურდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალონსომ ”რენო” დატოვა, პოლონელმა მისთვის ყველაზე ხელსაყრელად სწორედ ფრანგული გუნდი მიიჩნია.
”ძალიან მიხარია, რომ მერმისიდან ”რენოს” შევუერთდები. ამ გუნდთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, რადგან 2005 წელს სწორედ ”რენოს” მსოფლიო სერია მოვიგე, რის შემდეგაც, ამ გუნდმა ფორმულა 1-ის მანქანის ტესტირების საშუალება მომცა და ფორმულა 1-კენ გზა გამიხსნა. ახლა ძალიან მოტივირებული და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ახალ გუნდთან ერთად, მერმის მოწინავეთა შორის ვიქნები და შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაც კი შევძლო”, - განაცხადა კუბიცამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალონსო დაკარგა, ”რენო” პირობითი ორწლიანი დიასკვალიფიკაციითაც დაისაჯა იმ დაგეგმილი ავარიის გამო, რომელიც სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის დროს მოხდა. იმ ინციდენტის გამო, გუნდის ა უკვე ყოფილ შეფ ფლავიო ბრიატორეს სდამუდამოდ აეკრძალა ფ1-სა და იმ სარბოლ სერიებში მოღვაწეობა, რომლებიც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ტარდება. გუნდის ტექნიკურ დირექტორ პეტ სიმონდსს კი ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
კუბიცა ძალიან სწრაფი, უშიშარი და აგრესიული მრბოლია. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ შარშან თავისი პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი გამარჯვება კანადაში, ზუსტად იმ ტრასაზე მოიპოვა, სადაც ერთი წლით ადრე, საშინელ ავარიაში მოყვა და განსაცდელს სასწაულით გადაურჩა.
მართალია, ფორმულა 1-ში ”რენომ” მოიყვანა, მაგრამ კუბიცა არც დაფიქრებულა, როდესაც ”ბეემვე ზაუბერმა” მისი გადაბირება სცადა.
2006 წელს პოლონელმა პილოტმა გერმანულ-შვეიცარიულ გუნდში სარეზერვო პილოტის ადგილი დაიკავა და საპრიზო პილოტიც იმავე წელს, მას შემდეგ გახდა, რაც გუნდი კანადელმა ჟაკ ვილნევმა (მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონმა) დატოვა.
No comments:
Post a Comment