”ფოლკსვაგენი” ფორმულა 1-ში?
VW to eye F1...
8 ოქტომბერი
გამორიცხული არაფერია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გერმანული კონცერნის ჯგუფში შემავალი კომპანია ”აუდის” აცხადებს, რომ ”ფოლკსვაგენი” ფორმულა 1-ში გამოსვლაზე იფიქრებს, თუ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯების შემცირება შემდგომშიც გაგრძელდება.
ამ თემასთან დაკავშირებით, ”აუდის” სინგაპურული შტოს მმართველი დირექტორი რაინჰოლდ კარლი გაზეთ ”სტრაიტს ტაიმსს” ესაუბრა. მან განაცხადა, რომ მართალია, ფ1-ში ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება, მაგრამ გუნდებს მაინც უწევთ ასეულობით მილიონი დოლარის ხარჯვა, რათა კონკურენტუნარიანები იყვნენ.
”ფასები თუ შემცირდება, მაშინ ფორმულა 1 ჩვენთვის უფრო მიმზიდველი გახდება”, - ამბობს კარლი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ფ1-ის დიდი პრიზების არენა ორმა დიდმა საავტომობილო კომპანიამ - ”იაგუარმა” და ”ჰონდამ” დატოვეს, ამ სეზონის დასრულების შემდეგ კი მათ ”ბეემვეც” შეუერთდება. ამასთან, ”ტოიოტას” ჯერაც არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება - დარჩეს თუ ზემოთ ნახსენებ სამ კომპანიას მიბაძოს.
დაბოლოს, კარლის თქმით, თუ ”ფოლკსვაგენი” ფორმულა 1-ში შესვლას გადაწყვეტს, ამას ”პორშეს”, ”აუდის”, ან სულაც ”ფოლკსვაგენის” სახელით გააკეთებს.
No comments:
Post a Comment