მასა ”ფერარის” საჭეს უბრუნდება
Felipe Massa
4 ოქტომბერი
მალე ფელიპე მასა ფორმულა ერთის ავტომობილის საჭეს დაუბრუნდება. ”ფერარიმ” დაადასტურა, რომ ბრაზილიელი პილოტი ავარიიდან პირველ ტესტს 2007 წლის ”ფერარის” საჭესთან, ფიორანოში ჩაატარებს. ოღონდ, ეს როდის მოხდება, ამას იტალიური გუნდი არ აკონკრეტებს, რადგან მასას მორიგი სამედიცინო შემოწმება აქვს გასავლელი, რომელმაც რბოლებში დაბრუნების ვიზა უნდა მისცეს.
როგორც ამბობენ, მასა უკვე სრულად გამოჯანმრთელდა უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციისას მომხდარ ავარიაში მიღებული თავის ქალის უმძიმესი ტრავმისგან. სამედიცინო შემოწმებას მასა რამდენიმე დღეში გაივლის და მისი ხელმეორე სარბოლო ნათლობაც სწორედ ამის შემდეგ დაინიშნება.
რამდენადაც სეზონის განმავლობაში და სეზონის დასრულების შემდეგაც, თებერვლამდე ოფიციალური ტესტები აკრძალულია, მასას წლევანდელი მანქანის გამოცდის უფლება არ აქვს, თუმცა ეს მისი მიზანი არცაა. პირველ ეტაპზე, მისთვის უფრო მთავარი სარბოლ ავტომობილთან, მის სიჩქარესთან შეგუება და ავტომრბოლის თვისებების აღდგენაა.
”ფერარის” შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, შანსი არაა იმისა, რომ მასა ფორმულა 1-ს ბრაზილიის დიდი პრიზისთვის დაუბრუნდეს. რაც შეეხება აბუ დაბის ეტაპს, რომელიც ერთი თვის შემდეგ ჩატარდება, ამასთან დაკავშირებით, დომენიკალის ჯერ ზუსტი პასუხი არ გააჩნია.
”ჯერ ისიც არ ვიცი, პირველ ტესტირებას როდის გაივლის. ფელიპე მარანელოში ხვალ ჩამოვა და გუნდთან ერთ კვირას გაატარებს. ის აქ ფიზიკურ ვარჯიშებს გააგრძელებს და სიმულატორზეც დაჯდება. და სანამ სარბოლი ავტომობილის საჭეს მიუჯდება, FIA-ს სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს. ყველაფერ ამას ჩვენ ამ კვირაში გადავწყვეტთ. რაც ახლა შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ბრაზილიაში ის არ იასპარეზებს. აბუ დაბი? ესეც თითქმის გამორიცხულია. ჩვენი მიზანი მომავალი სეზონის პირველი ეტაპი - ბაჰრეინია”, - ამბობს დომენიკალი.
”ფერარის” შეფი დასძენს, რომ ტესტების მიზანი დროზე გამოკიდება არ იქნება. უბრალოდ, მასას სარბოლი ავტომობილის მართვისას მიღებულ გადატვირთვებთან თანდათან შეგუება მოუწევს. და რამდენადაც მიმდინარე სეზონის მანქანის ტესტირება სასტიკად იკრძალება, ამისთვის ბრაზილიელ პილოტს ძველ მანქანას დაუქირავებენ. სხვათა შორის, მსგავსი ტესტი მისი ავარიის შემდეგ, მიხაელ შუმახერმაც გაიარა, რომელმაც ფ1-ში შესაძლო დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ორი წლის წინანდელი ”ფერარით” ვარჯიშის შემდეგ მიიღო.
”ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ ფელიპე ფიზიკურად მომჯობინდა. უკვე მივმართეთ FIA-ს, რათა წესების დარღვევა გამოგვერიცხა და იქიდან ნებართვა მივიღეთ. ასე რომ, როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით, ფიორანოს ტესტებსაც მაშინვე დავნიშნავთ. მათი მიზანი ხომ ისაა, რომ ვნახოთ, რამდენად შეეგუება მისი სხეული ფ1-ის ავტომობილის მართვას”, - ამბობს დომენიკალი და იმედოვნებს, რომ მასას ჩაფხუტის მორგების შემდეგაც არ შეექმნება პრობლემა.
ბრაზილიელმა პილოტმა სარბოლი ჩაფხური რამდენიმე დღის წინ უკვე მოირგო, როდესაც გრანია ვიანას (ბრაზილია) კარტდრომზე კარტით ივარჯიშა. როგორც თავად განაცხადა, ჩაფხუტს მისთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.
No comments:
Post a Comment