მასა ფორმულა 1-ის მანქანის საჭეს დაუბრუნდა
Felipe Massa
13 ოქტომბერი
ორშაბათს ფელიპე მასა ისევ მიუჯდა ფორმულა 1-ის ავტომობილის საჭეს - ”ფერარის” ფიორანოს საშინაო სარბოლ ტრეკზე მან თავისი ჩვევების გახსენება სცადა და ვარჯიშის დასრულების შემდეგ, რეპორტიორებს განუცხადა, რომ იძულებითი პაუზის შემდეგაც ისეთივე მრბოლია, როგორიც უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მომხდარ ინციდენტამდე იყო.
ორი წლის წინანდელი ”ფერარი F2007-ით” მასამ 12 წრე გაიარა. ვარჯიშის დროს, მისი მანქანა სერია GP2-ის სპეციფიკაციის ბორბლებზე იდგა.
”მანქანაში ჩავჯექი თუ არა, მაშინვე მომეჩვენა, რომ თითქოს არანაირი ავარია არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ვგრძნობ, რომ ისეთივე ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვარჯიშის დროს, თავს კარგად ვგრძნობდი. არც მხედველობასთან დაკავშირებით მქონია რაიმე პრობლემა. მზად ვარ, ერთი კი არა, ზედიზედ, შეუსვენებლივ ორი რბოლის დისტანცია გავიარო”.
”რა თქმა უნდა, ექიმების რჩევებს ვითვალისწინებთ, რომლებიც საფუძვლიანად ფრთხილობენ და გარკვეულ შეზღუდვებს მიწესებენ. მაგრამ მ იეთივე ვარ, როგორიც ავარიამდე ვიყავი”.
”ახლა უკვე შემიძლია მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყება, რომელიც ძალიან რთული იქნება. ეს სეზონი ჩვენთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ბევრი რამ გვასწავლა და ამ გამოცდილებას მერმის აუცილებლად გამოვიყენებთ. კარგი მანქანა უნდა მოვამზადოთ, რათა ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალება გვქონდეს”, - ამბობს მასა (სურათზე ტესტირებისას).
ფელიპე ასევე მიესალმება ”ფერარიში” ფერნანდო ალონსოს მისვლას, თუმცა დასძენს, რომ ესპანელი ალბათ მისი საუკეთესო მეგობარი ვერ გახდება.
”ალონსო ნამდვილი პროფესიონალია და არ მგონია, რომ მასთან რაიმე პრობლემა შემექმნება, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ”ფერარიში” ჩემთან დასამეგობრებლად არ გადმოსულა. უფრო მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ ჩვენ შორის პროფესიონალური სამოკიდებულება ჩამოყალიბდეს”, - ამბობს მასა და დასძენს, რომ ახლაც კი, მოსვენებას არ აძლევს სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის დროს მომხდარი დაგეგმილი ავარია, რომელმაც მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დააკარგვინა:
”ახლაც ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ამ ავარიამ არამარტო რბოლის შედეგი შეცვალა, არამედ მთელი ჩემპიონატისაც. იმ რბოლის გამარჯვებულად ახლაც ალონსო ითვლება, ბრიატორე დასაჯეს და გადააყენეს, მაგრამ ჩვნ ის არ დაგვიბრუნეს, რაც ამ ინციდენტით მოგვპარეს. ,ოკლედ, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. არადა, ჩემპიონატის შედეგი შეიძლებოდა სულ სხვანაირი ყოფილიყო”.
No comments:
Post a Comment