ლოები მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი
Rally of Great Britain
25 ოქტომბერი
ფრანგი სებასტიან ლოების ტრიმფით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი - ბრიტანეთის რალი, რისი წყალობითაც, მან მეექვსედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
სამხრეთ უელსის ტყეებში ასპარეზობის წინ, ჩემპიონატს ფინელი მიკო ჰირვონენი ლიდერობდა, ვინც ლოებს ერთადერთი ქულით უგებდა. იმისათვის, რომ მეექვსედაც გამხდარიყო ჩემპიონი, ლოებს ისიც ჰყოფნიდა, რომ რბოლა ჰირვონენზე წინ, ქულებში დაესრულებინა - ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, ლოები ჩემპიონი ხდებოდა, რადგან მას მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
საბოლოოდ კი ლოებს ქულების და გამარჯვებების ანგარიში აღარ დასჭირდა - სამი დღის ჯამში, თავის მთავარ მეტოქეს წუთზე მეტი მოუგო და ჩემპიონიც გახდა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ჩემპიონის რანგში იასპარეზა ლოების გუნდმა ”სიტროენმა”, რომელმაც კონსტრუქტორთა თასი ჯერ კიდევ წინა ეტაპზე - ესპანეთში გაინაღდა.
”ეს მეექვსე ტიტულია, მაგრამ მისი მოპოვებითაც ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც პირველი გამარჯვების შემდეგ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიკო ძალიან ძლიერი იყო და ამჯერად ჩემპიონი დიდი ბრძოლის შემდეგ გავხდი. მთელი სეზონის განმავლობაში, სულის მოთქმის საშუალება არ მქონია”, - განაცხადა ლოებმა, ვინც კარიერაში 54-ე გამარჯვება მოიპოვა.
რბოლის მესამე დღეს სულ სამი სპეცმონაკვეთი იყო გასავლლი. პირველი ორის შემდეგ, ჰირვონენმა ლიდერთან 30-წამიანი ჩამორჩენა 12 წამით შეამცირა და ისე ჩანდა, რომ ბოლო ორ სპეცზე მეტოქეს დიდ ბრძოლას გაუმართავდა, მაგრამ მესამეზე მის ”ფორდს” კაპოტის სამაგრი დაუზიანდა, რაზეც მან თითქმის ერთი წუთი დაკარგა და ჩემპიონობის შანსიც ხელიდან გაუშვა.
”ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონისთვის უკეთ მოვემზადო. ეს ჩემთვის საუკეთესო სეზონი იყო, მაგრამ ბოლოს გაწბილებული დავრჩი. რაც შემიძლია, ყველაფერს ვეცდები, რომ მერმის ერთი საფეხურით წინ წავიწიო”, - განაცხადა ჰირვონენმა.
თავის მხრივ, მერმის კვლავ ჩემპიონობას უმიზნებს ლოებიც, ვისაც ძალიან უნდა, რომ მიხაელ შუმახერივით, მსოფლიოს ჩემპიონი შვიდჯერ გახდეს. სხვათა შორის, იყო შანსი იმისა, რომ ლოებს ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის ბოლო ეტაპზე - აბუ დაბის დიდ პრიზზე ეასპარეზა, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო, მან სუპერლიცენზიის მიღება ვერ შეძლო...
ბრიტანეთის რალის საბოლოო შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:16:25.400
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) +01:06.100
3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:07.100
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 01:28.100
5. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 06:28.000
6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 07:46.000
7. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 12:11.900
8. კონრად რაუტენბახი (ზიმბაბვე, სიტროენი) 14:27.800
9. ეივინდ ბრინილდსენი (ნორვეგია, შკოდა) 22:22.700
10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მიცუბიში) 24:18.800
საბოლოო კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი) - 93 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი) - 92; 3. დანიელ სორდო (ესპანეთი) - 64; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი) - 41; 5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი) - 35; 6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია) - 33; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი) - 28; 8. სებასტიან ოჟიერი (საფრანგეთი) - 24; 9. ფედფერიკო ვილაგრა (არგენტინა) - 16; 10. კონრად რაუტენბახი (ზიმბაბვე) - 9; 11. მადს ოსტბერგი (ნორვეგია) - 7; 12. ხალიდ ალ ყასამი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) - 6; 13. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი) - 4; 14. კრის ატკინსონი (ავსტრალია) - 4; 15. მატი რანტანენი (ფინეთი) - 4; 16. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი) - 3; 17. იარი კეტომაა (ფინეთი) - 2; 18. ურმო აავა (ესტონეთი) - 1; 19. ნასერ ალ-ატია (ყატარი) - 1; 20. ლამბროს ათანასულასი (საბერძნეთი) - 1
კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 167 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ დაბი WRT - 140; 3. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 80; 4. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 47; 5. მუნჩი'ს ფორდ WRT - 23
No comments:
Post a Comment