”უილიამსი” ”კოსუორტის” ძრავებს გამოიყენებს
Williams to use Cosworth engines
19 ოქტომბერი
პატრიკ ჰედს და ფრენკ უილიამსს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ
........................................................................................................................................
ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოსპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში ”უილიამსი” ”კოსუორტის” ძრავებით ისაპერეზებს. გუნდმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ძრავების დამოუკიდებელ მიმწოდებელთან ითანამშრომლებს.
ჯერ კიდევ ბრაზილიაში ჩასვლამდე, პადოკში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ფრენკ უილიამსი თავის არჩევანს ”რენოს” ძრავებზე შეაჩერებდა. მაგრამ სან პაულუში, ფრანგულმა გუნდმა გამოაცხადა, რომ ”უილიამსისგან” მიიღო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ”რენოს” ძრავები აღარ აინტერესებთ.
”უილიამსი” ძრავების მიმწოდებლის ვინაობის გამოცხადებას სეზონის ბოლომდე არ აპირებს. თუმცა საყოველთაო აზრით, ერთადერთი კომპანია, რომელსაც ინგლისური გუნდის ძრავებით უზრუნველყოფა შეუძლია, ”კოსუორტია”. მითუმეტეს, ფრენკ უილიამსის პარტნიორი და გუნდის ტექნიკური დირექტორი პატრიკ ჰედი ”კოსუორტის” მონდომებას დიდად აფასებს.
”ისინი ძალიან მონდომებულად მუშაობენ. რა თქმა უნდა, მათტან თანამშრომლობასაც განვიხილავთ, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილბა არ მიგვიღია. ამ საკითხს სეზონის ბოლო რბოლის დასრულებამდე ღიად ვტოვებთ. თუმცა, ჩვენმა ინჟინრებმა უკვე იციან ახალი ძრავის პარამეტრები”, - ამბობს ჰედი.
მიმომხილველთა აზრით, ”კოსუორტს” ერთი სერიოზული უპირატესობა ექნება - ინგლისურ კომპანიას თავისი ძრავების დახვეწის უფლება ახალი სეზონის დაწყებამდე აქვთ. ძრავების რეგლამენტის გაყინვის გამო, სხვა კომპანიებს თავიანთი ძრავების ხელუხლებლად დატოვება უწევთ.
ამავე და სხვა მიზეზების გამო, მოსალოდნელია, რომ ”კოსუორტზე” არჩევანს ”რედ ბულიც” შეაჩერებს. არადა, კარგა ხანს დადიოდა ხმები, რომ ავსტრიული გუნდი ”მერსედეს-ბენცის” ძრავებზე აპირებს გადასვლას.
პატრიკ ჰედი კი დასძენს: ”როს ბრაუნმა და მისმა გუნდმა დაგვანახეს, რომ შესაძლებელია, სხვა ძრავზე საშობაოდ გადახვიდე, მაგრამ მაინც კონკურენტუნარიანი მანქანა შექმნა. თუმცა არ მგონია, ჩვენს ინჟინრებს ეს იდეა მოეწონოთ. პრაქტიკას არაერთხელ უჩვენებია, რომ უმჯობესია, როდესაც მანქანას კონკრეტული ძრავის პარამეტრების შესაბამისად შექმნი”.
No comments:
Post a Comment