ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, July 25, 2009

მასას ოპერაცია გაუკეთეს

Hungarian GP

25 ივლისი

”ფერარიმ” თავისი პილოტის, ბრაზილიელი ფელიპე მასას მდგომარეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კვალიფიკაციის დროს დაშავებულ პილოტს ბუდაპეშტის ჰოსპიტალ AEK-ში წარმატებული ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. იქ ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღით გაჩერდება. იმავე ცნობაში ნათქვამია, რომ მასას ჯანმრთელობის შესახებ მომდევნო ინფორმაციას გუნდი ხვალ გაავრცელებს.

პარალელურად, ბრიტანულმა ჟურნალმა ”აუტოსპორტმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასას ტრავმის მიზეზი ბარიკელოს მანქანის საკიდარიდან მომწყდარი ზამბარის მუშტისხელა ნაგლეჯი გახდა, რომელიც 800 გრამს იწონის. ეს დეტალი ამჟამად საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ტექნიკური კომისიის ხელშია, რომელიც ინციდნტის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს.

”მანქანის უკანა ნაწილში პეობლემა გვქონდა. მიზეზი ჯერ არ ვიცით, მომხდარი შესასწავლი გვაქვს, მაგრამ სანამ საკიდარის იმ დეტალს მივიღებთ, რაიმეს თქმა არ შეგვიძლია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენს მანქანას პრობლემა შეექმნა. აქამდე მას ჩვენი პილოტებისთვის ერთხელაც არ უღალატია. ჩვენ თვითონაც ძალიან გვაინტერესებს, რამ გამოიწვია ამ დეტალის გატეხვა. კვალიფიკაციის წინ, ჯენსონის მანქანას ახალი ნაწილი დავუყენეთ, მაგრამ რუბენსის მანქანა არ შეგვიცვლია. მოკლედ, ახლა ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ, გვინდა ვიცოდეთ, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს ინციდენტი”, - ამბობს ”ბრაუნის” შეფი როს ბრაუნი.

ეს ინციდენტი, ავტოსპორტის მოყვარულებს უთუოდ გაახსენებდა იმ ფატალურ შემთხვევას, რომელმაც 1994 წლის 1 მაისს, იტალიის ქალაქ იმოლას ავტოდრომზე, ლეგენდარული აირტონ სენას დაღუპვა გამოიწვია. სენასაც თავში საკიდარის (ოღონდ, თავისივე მანქანის) დეტალი მოხვდა, რამაც მისი ჩაფხუტის ტყვიაგაუმტარი შუშა გახვრიტა და ბრაზილიელს თავის ქალა შეუნგრია. საბედნიეროდ, გუშინდელი შემთხვევა ფატალური არ გამოდგა. მასამ ტვინის შერყევა მიიღო და მას თავის ქალის ძვალი მარცხენა წარბის არეში ისე გაუტყდა, რომ ტვინის ქსოვილი არ დაზიანებია.

სხვათა შორის, ერთი კვირის წინ, ფორმულა 2-ის ბრიტანული ეტაპი ტრაგიკულად დასრულდა - ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონის, ინგლისელი ჯონ სარტიზის შვილი ჰენრი, სხვა პილოტის მანქანისგან მოგლეჯილი საბურავის თავში მოხვედრამ ტრასაზევე მოკლა.

რაც შეეხება ბარიკელოს, მან ტრასის მედცენტრშიც მოინახულა თანამემამულე და ჰოსპიტალშიც მიაკითხა. იქ იმიტომ მივედი, რომ ვიფიქრე, შეიძლება, მისი ოჯახის წევრები აქ არ არიან და ვნახავ-მეთქიო, ჟურნალისტებს მიუგო რუბინიომ.

”მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ და ასეთ დროს, როდესაც თვალს გაახელ, გინდა, რომ გვერდით ვინმე გყავდეს, ვისაც კარგად იცნობ. მინდოდა იქ იმ შემთხვევისთვის ვყოფილიყავი, თუ მისი ოჯახის წევრები იქ არ იქნებოდნენ”, - განაცხადა ბრაზილიელმა, ვინც 1994 წლის იმ ავბედითი რბოლის (სან მარინოს დიდი პრიზი, რომელმაც სენას გარდა, ავსტრიელი როლანდ რატცენბერგერის სიცოცხლეც შეიწირა) თავისუფალ პრაქტიკაზე, თავადაც უმძიმეს ავარიაში მოყვა და ჰოსპიტალში მყოფი, სენამ მოინახულა.

ბარიკელოს თქმით, ამ ერთ კვირაში მომხდარი ორი მძიმე შემთხვევა, რომელთაგან პირველმა ჰენრი სარტიზი მოკლა, მეორემ კი მასა დააშავა, იმის ნიშანია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ”იმოლა მესიჯი იყო, რის შემდეგაც მანქანების კონსტრუქცია შეიცვალა. სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ კარგი ბიჭები დავკარგეთ. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ეს დამთხვევა არაა. პილოტები ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე. გუშინაც ჰენრის შემთხვევა განვიხილეთ. ყველა იმას ამბობდა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს”, - დასძენს ბარიკელო, ვისაც ლუის ჰამილტონიც ეთანხმება.

”ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. მოკლე დროში ასეთი სერიოზული ორი ინციდენტი მოხდა და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რათა მსგავსი რამეები აღარ განმეორდეს”, - ამბობს მსოფლიო ჩემპიონი.

No comments:

Post a Comment