ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, May 17, 2010

უებერმა მონაკოშიც მოიგო და ჩემპიონატის ლიდერი გახდა

Webber wins in Monaco to lead F1 championship

16 მაისი

გამარჯვებულს მონაკოს პრინცი ალბერი აჯილდოებს
.................................................................................................
შესაძლოა, მონაკოს დიდი პრიზი, ფორმულა 1-ის მიმდინარე ჩემპიონატის გარდატეხის მომენტად ჩაითვალოს - პირად კლასიფიკაციას სათავეში ”რედ ბულ რეისინგის”, ობიექტურად საუკეთესო გუნდის ორი პილოტი მოექცა. თანაც, სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ორივეს ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდა და თუ ლიდერი ავსტრალიელი მარკ უებერია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ორი მოგება აქვს, ფეტელს კი - მხოლოდ ერთი.
უებერი ფინიშის ხაზზე
......................................................................

უებერის გამარჯვების შანსები ჯერ კიდევ შაბათს, კვალიფიკაციის შემდეგ გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მონაკოს რბოლა ამ ქალაქი-სახელმწიფოს ვიწრო ქუჩებში ტარდება, რის გამოც, იქ გასწრება ძალიან გაძნელებულია. ამიტომ, თუ სტარტზე პირველი ხარ, დიდია შანსი იმისა, რომ ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთო. მთავარია, მწვანე შუქზე კარგი რეაქცია გამოავლინო და ლიდერის პოზიცია არაერთი აგრესორისგან დაიცვა.

უებერმა სწორედ ამ კანონზომიერების დასაცავად, კვალიფიკაციიდან მოყოლებული, ყველაფერი იღონა და მიზანსაც ისევე მიაღწია, როგორც ერთი კვირით ადრე - ბარსელონაში. თანაც, ზედიზედ მეორე გამარჯვებით, ჩემპიონატსაც სათავეში მოექცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ნაადრევად ჩამოწერა და თუნდაც კიმი რაიკონენით შეცვლაზე ფიქრი, შესაძლოა მცდარი სვლა იყოს.

”ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა”, - მოკლედ ასე გამოხატა თავისი ემოციები უებერმა, ვინც 1959 წლიდან მოყოლებული, პირველი ოზი პილოტია, მონაკოს დიდ პრიზს რომ დაეუფლა. 50 წლის წინ, ასეთი მიღწევა ავსტრალიელ ჯეკ ბრებჰემს ჰქონდა, ვინც დიდი ხანია, ყველას არწმუნებს იმაში, რომ ადრე თუ გვიან, უებერი ჩემპიონი გახდება. რახან სტატისტიკა ვახსენეთ, ისიც გავიხსენოთ, რომ აქამდე ბოლო ავსტრალიელი, ვინც ჩემპიონატს სათავეში მოექცა, მსოფლიოს 1980 წლის ჩემპიონი, ალან ჯონსი იყო (1981 წელს).

რბოლისას რამდენიმე ავარია მოხდა და ტრასაზე პეისკარი ოთხჯერ გამოვიდა, რამაც ლიდერს საქმე გაურთულა, თუმცა უებერი ყოველთვის ახერხებდა პეისკარის წყალობით წამოწეული მეტოქეების ჩამოტოვებას. მეტოქეთაგან ყველაზე ახლოს კი მასთან მისივე თანაგუნდელი სებასტგიან ფეტელი იყო, რომელმაც ლიდერის გასწრება ვერ მოახერხა და არც ვინმეს მისცა თავისი გასწრების საშუალება.

ტრულის და ჩანდჰოკის ავარია

.....................................................................

სხვათა შორის, ბოლო მოსახვევამდე პელოტონი პეისკარმა მიაცილა, რომელიც ტრასაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ერთმანეთს ინდოელი კარუნ ჩანდჰოკის ”ისპანია” და იტალიელი იარნო ტრულის ”ლოტუსი” დაეჯახა. ტრულის მანქანა ინდოელის მანქანაზე შეხტა და ცოტა დააკლდა, ჩანდჰოკისთვის ტრავმა მიეყენებინა. ”ლოტუსის” ძირი პილოტის თავს გაეხახუნა და კიდევ კარგი, მაშინვე ჩანდჰუკმა თავი კოკპიტში დამალა. საბოლოოდ, ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა და ორივე პილოტმა მისი ადგილი თავისი ფეხით დატოვა.

სხვათა შორის, ფეტელმა კვალიფიკაციაზე მესამე ადგილი დაიკავა, მეორე შედეგი კი პოლონელ რობერტ კუბიცას ჰქონდა, მაგრამ გერმანელმა სტარტზე სხარტად იმოქმედა და მეტოქე პირველ მოსახვევამდე ჩამოიტოვა. ჩამოქვეითებულ კუბიცას კი ფელიპე მასამაც შეუტია, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

მესამე წრეზე, ძრავის დაზიანების გამო, ასპარეზობა ჩემპიონატის აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა შეწყვიტა. ამის გამო, კლასიფიკაციაში მან რამდენიმე ადგილი დაკარგა და ახლა უებერთან 8 ქულას აგებს.

”მანქანის მარცხენა ნაწილში დარტყმის მსგავსი ვიგრძენი. მერე ძრავიც გადახურდა. აშკარა იყო, რომ მანქანა უნდა გამეჩერებინა, სხვა მხრივ, ტრასაზე ზეთის დაღვრა გარდაუვალი იქნებოდა, ამით კი საქმეს სხვებს გავურთულებდი. ისე, ტრასაზე პისკარი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ძრავს გაეძლო”, - ნარბოლევს განაცხადა ბატონმა.

ტრასაზე კი პეისკარი იმისათვის გამოვიდა, რომ პირველივე წრეზე მანქანა ნიკო ჰულკენბერგმა დაამტვრია. ამით ისარგებლა ფერნანდო ალონსომ და რბოლის ტემპის შენელება პიტ სტოპისთვის გამოიყენა. სხვათა შორის, ესპანელმა, ვისაც მონაკოს რბოლა ორჯერ აქვს მოგებული, კვალიფიკაციის მესამე ნაწილში მანქანა დაამტვრია და რბოლაში სტარტი ბოქსებიდან აიღო.

ალონსომ ბევრ მეტოქეს მაშინ გაასწრო, როცა ისინი რბოლის დროს ბოქსებში რეზინის შესაცვლელად შევიდნენ. მაგრამ ფინიშამდე ერთი მოსახვევით ადრე, მას მიხაელ შუმახერმა გაუარა. სხვათა შორის, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ეს მანევრი მოგვიანებით სტიუარდების განხილვის საგანი გახდა. მართალია, გასწრების მომენტში, ტრასაზე პეისკარი აღარ იმყოფებოდა, მაგრამ სტიუარდებს მაინც ყვითელი (საფრთხილო) ალმები ჰქონდათ გამოფენილი, ამ დროს კი გასწრება არ შეიძლება. ასე რომ, გერმანელის შედეგს 20 წამი დაემატა და მანაც ათეულში ადგილი დაკარგა. თუმცა, აქ მოყვნილ ცხრილში ეს სასჯელი არ ასახულა, რადგან ის საბოლოოდ დამტკიცებული არაა.

მონაკოს დიდი პრიზი

რბოლის შედეგები

ტრასის სიგრძე - 3.340 კმ; 78 წრე; რბოლის დისტანცია 260.520 კმ

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:50:13.355

2. სებასტგიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:00.448

3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:01.675

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:02.666

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:04.363

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:05.712

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:06.341

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:06.651

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:06.970

10. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:07.305

11. სებასტგიან ბუემი (შვეიცარია, ტოო როსო) 00:08.199

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:09.135

13გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 5 წრე

14გ. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 8 წრე

15გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 8 წრე

გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 19 წრე

გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 19 წრე

გ. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 47 წრე

გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 51 წრე

გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 52 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 55 წრე

გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 56 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 75 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 78 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი 1:15.192, 71-ე წრე

პირადი კლასიფიკაცია

1. მარკ უებერი - 78 ქულა; 2. სებასტგიან ფეტელი - 78; 3. ფერნანდო ალონსო - 73; 4. ჯენსონ ბატონი - 70; 5. ფელიპე მასა - 61; 6. რობერტ კუბიცა - 59; 7. ლუის ჰამილტონი - 59; 8. ნიკო როსბერგი - 54; 9. მიხაელ შუმახერი - 30; 10. ადრიან სუტილი - 18; 11. ვიტალი პეტროვი - 9; 12. რუბენს ბარიკელო - 7; 13. ვიტალი პეტროვი - 6; 14. ხაიმე ალგერსუარი - 3; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 156 ქულა; 2. ფერარი - 134; 3. მაკლარენ-მერსედესი - 129; 4. მერსედეს GP - 84; 5. რენო - 65; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 27; 7. უილიამს-კოსუორტი - 8; 8. ტორო როსო-ფერარი - 3

No comments:

Post a Comment