ჩემპიონები უებერს ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებენ
Brabham, Jones back Webber for title
19 მაისი
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტები ავსტრალიიდან, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სერ ჯეკ ბრებჰემი და 1980 წლის ჩემპიონი ალან ჯონსი დარწმუნებულნი არიან, რომ მათს თანამემამულე მარკ უებერს ყველა მონაცემი აქვს იმისა, რომ ამ სეზონში ტიტულს დაეუფლოს.
”მარკს თავისუფლად შეუძლია ჩემპიონატში გამარჯვება, მე ამაში ეჭვიც არ მეპარება. ეს დიდებული დღეა მისთვისაც და მთელი ავსტრალიისთვისაც. მან პრესტიჟული, ყველაზე ძნელი და მძიმე რბოლა მოიგო და თანაც, მცირე შეცდომაც კი არ დაუშვია. ამ რბოლას თავიდან ბოლომდე ვუყურე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უებერი ძალიან კარგი მრბოლია. ახლა ის ჩემპიონატის ლიდერია და ტიტულსაც სრულებით იმსახურებს. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ვამაყობ მისით. ვინც მონაკოში გაიმარჯვებს, ის ჩემპიონობისთვის მზადაა და მჯერა, რომ ის ამას შესძლებს”, - ”სიდნეი მორნინგ ჰერალდთან” საუბრისას განაცხადა 84 წლის ბრებჰემმა.
დღემდე ბრებჰემი ერთადერთი ავსტრალიელი პილოტი იყო, ვისაც მონაკოს დიდი პრიზი მოგებული ჰქონდა. მან ეს გამარჯვება 1959 წელს მოიპოვა და იმავე სეზონში, თავის პირველ ტიტულს დაეუფლა.
მსგავსი განწყობა აქვს ჯონსსაც, ვინც ”უილიამსის” პირველი ჩემპიონია. ”ვფიქრობ, ყველაფერი კარგად წარიმართა. მარკმა ჯერ პოული მოიგო, შემდეგ შესანიშნავი სტარტი აიღო, რამდენიმე რესტარტზე ზეწოლასაც გაუძლო. ეს კი ძალიან ძნელია, რადგან რესტარტის დროს ყოველთვის მდევრისგან შეტევაა მოსალოდნელი. ასე რომ, მარკმა ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთა. ის ყოველ მომდევნო რბოლას წინაზე უკეთ ატარებს. მისი თავდაჯერებულობაც იზრდება და ამას ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ ზედიზედ ორჯერ აჯობა ფეტელს”, - გაზეთ ”აუსტრალიანთან” საუბრისას ამბობს ჯონსი.
No comments:
Post a Comment