ჰამილტონს ბორბალმა უმტყუნა
Wheel failure ruins Hamilton's day
9 მაისი
ესპანეთის დიდი პრიზის ყველაზე უიღბლო მონაწილე მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ინგლისელი ლუის ჰამილტონი გახდა, რომელსაც მეორე ადგილი, ფინიშამდე ორიოდე წრით ადრე, დაზიანებულმა ბორბალმა დააკარგვინა.
ჰამილტონმა ასპარეზობა უქულოდ დაასრულა. არადა, ფინიშამდე რომ მისულიყო, მეორე ადგილს დაიკავებდა და პირად კლასიფიკაციაში, ლიდერთან - თანაგუნდელ ჯენსონ ბატონთან ჩამორჩენას ერთ ქულამდე შეამცირებდა. ახლა კი მეექვსეზეა და თან, ბატონს 21 ქულით ჩამორჩება.
”საშინლად გაწბილებული ვარ. ჩემი ინციდენტი ლამის ფინიშის წინ მოხდა. რას ვიზამ, ასეთია რბოლები. არადა, ჩვენმა ბიჭებმა მთელი კვირა დაუღალავად იმუშავეს. ეგ არაფერი, ამ სეზონში ჯერაც ბევრი რბოლა გვაქვს წინ და მდგომარეობის გამოსწორება თავისუფლად შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას შევძლებთ”, - განაცხადა 25 წლის ჰამილტონმა.
ფინიშამდე წრენახევარი იყო დარჩენილი, როცა მოსახვევში შესვლამდე, ჰამილტონის ”მაკლარენს” წინა მარცხენა ბორბალი დაუზიანდა. მანქანა კონტროლიდან ნაწილობრივ გამოვიდა და გზის მიღმა ჩამწკრივებული საბურავების დამცავ ზღუდეს დაეჯახა.
”იმ მომენტამდე ყველაფერი წესრიგში იყო. მანქანა შესანიშნავად მუშაობდა და მეგონა, რომ ფინიშამდე ასე გაგრძელდებოდა. ინციდენტამდე საგანგაშო არაფერი მიგრძვნია. ამიტომ, ყველაფერი სრულიად მოულოდნელად მოხდა”, - დასძენს ჰამილტონი, ვისაც მსგავსი ინციდენტი 2007 წელსაც, თავის სადებიუტო სეზონში, ნურბურგრინგზე რბოლის დროს შეემთხვა, რამაც ფაქტობრივად, ტიტულიც დააკარგვინა. თავად პილოტი ამბობს, რომ ასეთი რამ მესამედ, თუ მეოთხედ შეემთხვა, სხვა პილოტებს კი ამდენჯერ საბურავები მთელი კარიერის განმავლობაში უზიანდებათო.
უპრობლემო რბოლა არც ბატონს ჰქონია. როგორც კი მან მიხაელ შუმახერის გასწრება სცადა, მაშინვე მისი მაჩვენებლების მონიტორი ჩაქვრა. შემდეგ კი გადაბმის ქუროც დაზიანდა, რის გამოც, პიტ სტოპის გადადება გახდა საჭირო. ”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ ამ პრობლემის გარეშე, ბატონი შუმახერის გასწრებას შესძლებდა.
No comments:
Post a Comment