”რენო” ძრავებით უფრო მეტ გუნდს მოამარაგებს
Renault ready to supply more teams
19 მაისი
”რენოს” ფორმულა 1-ის ძრავების პროგრამის შეფი რემი ტაფენი ამბობს, რომ მომავალ სეზონში, მის კომპანიას ძრავებით მეტი გუნდის მომარაგება შეუძლია. დღეისათვის, ფრანგული კომპანიის ძრავებს, საკუთარი გუნდი და ”რედ ბულ რეისინგი” იყენებენ. ამასთან, მასთან მოლაპარაკებას ”უილიამსი” და ”ლოტუსი” (ორივე კოსუორტის კლიენტია) აწარმოებენ, რომლებიც ადრე უკვე იყვნენ ”რენოს” კლიენტები.
”ჯერ არ ვიცით, მომავალ სეზონში ძრავებს რომელ გუნდებს მივაწვდით. სამაგიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ორზე მეტი გუნდისთვის ძრავების წარმოება ახლავე შეგვიძლია. ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მეტი ძრავის წარმოებისთვის, ჩვენ მეტი პერსონალის აყვანა დაგვჭირდება და მერე, სამ-ოთხ გუნდს თავისუფლად მივაწვდით ძრავებს”, - ამბობს ტაფენი.
გასული სეზონის მონაცემებით, ”რენოს” ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ძრავი ჰქონდა. თუმცა მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურმა კომისიამ მისი კონტროლირებადი მოდიფიცირების უფლება მისცა.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ ძრავის მოდიფიცირებამდე, ”რენოს” რობერტ კუბიცამ ერთი რბოლა მოწინავე სამეულში დაასრულა, ”რედ ბულის” ორივე პილოტი კი გამარჯვებებისთვის იბრძოდა. ძრავის სრულყოფის შემდეგ კი ”რედ ბულის” მარკ უებერმა ზედიზედ ორი რბოლა მოიგო, კუბიცა კი მეორედ ავიდა კვარცხლბეკზე. უფრო მეტიც, მონაკოს დიდ პრიზზე, კვალიფიკაციაზეც და რბოლაშიც, პირველი სამი ადგილი ”რენოს” ძრავებით მოასპარეზე პილოტებმა დაიკავეს.
ტაფენი ამბობს, რომ შესაძლოა, სხვა ძრავები უფრო მეტ სიმძლავრეს ავითარებს, მაგრამ მისი კომპანია კმაყოფილია თავისი ძრავით და მისით მოასპარეზე პილოტების შედეგებით.
”მინდა ვთქვა, რომ ძრავების შედარება ძალიან ძნელია. შესაძლოა, სიმძლავრით ჩვენი ძრავი საუკეთესო არაა, მაგრამ მთავარია, რისი უნარი აქვს მას მთლიანობაში. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ მოარგებ მანქანას ძრავზე და რამდენად ემორჩილება ის ამა თუ იმ რბოლისთვის მომზადებას. საერთო ჯამში, მე ჩვენი ძრავით კმაყოფილი ვარ”, - დასძენს ტაფენი.
No comments:
Post a Comment