ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, May 17, 2010

”რედ ბულის” X-მებრძოლებმა ეგვიპტური პირამიდების წინ ინავარდეს

Red Bull X-Fighters World Tour 2010/Cairo/Great Sphinx of Giza

16 მაისი

წესით, ეს რეპორტაჟი მონტე კარლოდან უნდა დაგვეწერა, ფორმულა 1-ის მეექვსე ეტაპის შესახებ. მაგრამ გარემოებათა წყალობით, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, მოტო ფრისტაილის მსოფლიო ტურის მეორე ეტაპზე მოვხვდით, სადაც მოტოქროსის სახეობა ფრისტაილის მსოფლიოს საუკეთესო მხედრები ”რედ ბულის” მიერ ორგანიზებული მსოფლიო ტურ ”იქს-ფაიტერის” მეორე ეტაპზე შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
მარცხნიდან: ნიტ ადამსი, ადამ ჯონსი და ანდრე ვილა
........................................................
იყო დრო, როდესაც კაირო რალის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე რთულსა და პრესტიჟულ ეტაპს - ფარაონების რალის მასპინძლობდა. ამ სახელით იქ რბოლები ახლაც ტარდება და ამდენად, ძრავების ღმუილი პირამიდებისა და სპინქსისთვის სიახლე არაა. მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრების წინაშე, მსგავსი სანახაობა ადრე არასდროს გამართულა. მის წინაშე ამჯერად თავი მოტოციკლებით ტრიუკების ოსტატებმა მოიყარეს, რომლებსაც იქ თავი ექსტრემალური სპორტის მოყვარულმა კომპანია ”რედ ბულმა” მოუყარა.
სულ ათი წელია, რაც ენერგრტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”იქს-ფაიტერის” მსოფლიო ტურს ატარებს და მისი პოპულარობა უკვე იმდენად გაიზარდა, რომ ეტაპების რაოდენობამ ექვსს მიაღწია. წელს ტური მექსიკო სიტიმ გახსნა, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო, ასპარეზობა ადრე შეწყდა და გამარჯვებულად ნორვეგიელი ანდრე ვილა გამოცხადდა, რომელსაც კვალიფიკაციაზე საუკეთესო ნახტომები ჰქონდა.

მოსალოდნელი იყო, რომ მოტო მხედრებს (რაიდერებს) გაცილებით ძნელი მეტეო პირობებში ეგვიპტეში მოუწევდათ ასპარეზობა და ეს მოლოდინი სრულად გამართლდა. 40 გრადუსამდე გახურებული ჰაერი და შიგადაშიგ თუნდაც სუსტი ნიავი, რომელიც იქაურობას ქვიშის მტვრით ავსებდა, არამარტო ასპარეზობის მონაწილეთათვის იყო ძნელი ასატანი, არამედ მაყურებლებისთვისაც.

ორი სიტყვა მაყურებელზე აუცილებლად უნდა ითქვას. შეჯიბრის ორგანიზატორებმა, არენის მახლობლად ტრიბუნა 10 000 მაყურებელზე მოაწყვეს. მაგრამ ასპარეზობას ამაზე ალბათ სამჯერ მეტი ადამიანი დაესწრო. რა თქმა უნდა, მათ შორის ბევრი იყო ტურისტი, რომლებიც პირამიდების ქვეყანას არ აკლია, მაგრამ რა თქმა უნდა, ტრიბუნაზე ადგილობრივები სჭარბობდნენ, რომელთა შორისაც მრავლად იყვნენ სუსტი სქესისანი. მოკლედ, ”რედ ბულ ”იქს-ფაიტერმა” დიდი ინტერესი გამოიწვია და ასე განსაჯეთ, მისი რეპორტაჟი თავის მაყურებელს ”ევროსპორტმაც” კი შესთავაზა.

სამწუხაროდ, ტურის მეორე ეტაპის გამოტოვებაც მოუხდა მის 2008 წლის ჩემპიონს შვეიცარიიდან, მეტ რებოს, ვინც კალიფორნიაში, სეზონისწინა ვარჯიშის დროს დაშავდა და გამოჯანსაღება ვერ მოასწრო. მის ნაცვლად, ეგვიპტეში ახალგაზრდა ჩეხმა პეტრ პილატმა იასპარეზა. კაიროში ჩამოსვლა ვერც კიდევ ერთმა ფავორიტმა - ესპანელმა დანი ტორესმა შეძლო, რომელმაც მექსიკის ეტაპის შემდეგ, ხელის დაზიანებულ მტევანზე ოპერაცია გაიკეთა.

სამაგიეროდ, საასპარეზოდ კარგად იყვნენ მომზადებულნი ამ საქმის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან ამერიკელი ნეიტ ადამსი, ავსტრალიელი რობი მედისონი, იაპონელი ეიგო სატო, ახალზელანდიელი ლევი შერვუდი და მექსიკური ეტაპის ნორვეგიელი გამარჯვებული ანდრე ვილა, ვინც იმედოვნებდა, რომ თავისი განუმეორებელი სტილით, კვლავაც შეძლებდა 6 მსაჯის მიმხრობას და ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას.

გიზას ასპარეზობისას, მისმა ორგანიზატორებმა ერთი სიახლე გამოიყენეს - ნახევარფინალი და ფინალი ახალი ფორმატით წარიმართა. მის მიხედვით, ასპარეზობას უფრო დაბალი რეიტინგის მხედარი იწყებს, რომელიც ილეთს ასრულებს და ელოდება მეტოქეს, რომელმაც იგივე ილეთი 10 წამში უნდა გაიმეოროს. ასე გრძელდება მანამ, სანამ ორივე მხედარი 8 (ნახევარფინალში), ან 10 ილეთს შეასრულებს. თუ მაღალი რეიტინგის მქონე მხედარი მეტოქეს დროულად ვერ ”უპასუხებს”, მაშინ მას ნახტომი არ ჩაეთვლება.

სულ გიზას ეტაპზე 12 მონაწილე ასპარეზობდა, რომელთაგან პირველ ეტაპზე, ნახტომები ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ექვსმა რაიდერმა შეასრულა. ამ გამოსვლების შედეგად, მათგან საუკეთესო ორი შეირჩა, რომლებმაც ასპარეზობა მეორე ეტაპზე, იგივე მეოთხედფინალში განაგრძეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მონაწილე წარმოუდგენელ ილეთებს საოცარი სიმსუბუქით ასრულებდა, მათგან მსაჯებმა მაინც შეარჩიეს ოთხი საუკეთესო, რომელთა შორისაც ორი ამერიკელი - ადამ ჯონსი და ნეიტ ადამსი, ასევე ანდრე ვილა და რობი მედისონი გავიდნენ. ამერიკელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სპეციალისტთა გასაკვირად, ფინალის საგზურს ჯონსი დაეუფლა. მეორე წყვილში კი საუკეთესოდ ვილა აღიარეს, რამაც მედისონის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია.

ნორვეგიელი მოტო მხედარი ზედიზედ მეორე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ჯონსმა ამის საშუალება არ მისცა. ამერიკელმა ხუთიდან სამ კომპონენტში აჯობა მეტოქეს და გამარჯვებაც მას დარჩა.

”დღეს მე ოცნება ამისრულდა. კაიროში მძიმე პირობებში მოგვიხდა ასპარეზობა, მაგრამ ფინალში უშეცდომოდ ვიასპარეზე და მსაჯებიც ამის წყალობით მივიმხრე”, - ასპარეზობის შემდეგ განაცხადა ადამსმა.

სეზონის მეორე ეტაპის შემდეგ, ”იქს-ფაიტერის” მსოფლიო ტურის ლიდერობა კვლავ ვილას ხელშია. ტურის მორიგ ეტაპი კი 26 ივნისს მოსკოვის წითელ მოედანზე ჩატარდება.

No comments:

Post a Comment