სტირლინგ მოსი შუმახერს ამართლებს
Moss: I would have done the same as Michael
19 მაისი
სახელოვანმა ბრიტანელმა ავტომრბოლმა, სერ სტირლინგ მოსმა განაცხადა, რომ მონაკოს დიდი პრიზის ბოლო წრეზე ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც მიხაელ შუმახერი მოიქცა, როდესაც ტრასიდან პეისკარის გასვლისთანავე, ფერნანდო ალონსოს გაასწრო.
ინციდენტი, რომლის გამოც, მოგვიანებით გერმანელი პილოტი 20 წამით დააჯარიმეს, მაშინ მოხდა, როდესაც რბოლის დასრულებამდე რამდენიმე ასეული მეტრი რჩებოდა. პეისკარმა, რომელიც ტრასაზე იარნო ტრულისა და კარუნ ჩანდჰოკის ავარიის გამო იმყოფებოდა, ბოლო წრის მიწურულს, ბოქსებს მიაშურა და პილოტებს გზა გაუთავისუფლა. იმავდროულად, სტიუარდებმა მწვანე ალმები გამოფინეს, რაც იმის ნიშანია, რომ გასწრება დაშვებულია.
მაგრამ, როგორც გაირკვა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სპორტული კოდექსის პარაგრაფ 40.13-ში აღნიშნულია, რომ გასწრება ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია, თუ პეისკარი პელოტონს ბოლო წრის თუნდაც მცირე მონაკვეთზე მიუძღოდა.
სტირლინგ მოსი თვლის, რომ ეს წესი აბსურდულია და ის აუცილებლად კორექტირებას საჭიროებს. ამასთან, ის რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შეიცვალოს, რათა მსგავსი აბსურდული დასჯები შემდგომში მაინც გამოირიცხოს.
”პრობლემა იმაშია, რომ პეისკარის გასვლის შემდეგ, მთელ ტრასაზე მწვანე შუქ-სიგნალები ჩაირთო. პილოტს კი ინსტინქტი კარნახობს, რომ მან მწვანე შუქზე, ან ალამზე რეაგირება უნდა მოახდინოს. მარტო შუმახერი რომ ყოფილიყო მსგავს სიტუაციაში, კიდევ არაფერი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ათმა გუნდმა თავის პილოტებს ბრძოლის განახლების მითითება მისცა. არადა წესით, ამ დროს, ისევ ყვითელი ალმები უნდა ყოფილიყო გამოფენილი. ამ შემთხვევაში, ყოველგვარი გაუგებრობა გამოირიცხებოდა”.
No comments:
Post a Comment