სტიუარტი: მიხაელი ის აღარაა, რაც იყო
Michael Schumacher
2 მაისი
ბრიტანულ გამოცემა ”დეილი მეილთან” საუბრისას, ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონმა, შოტლანდიელმა ჯეკი სტიუარტმა მიხაელ შუმახერის ილაპარაკა:
”არ ვიცი, ეს ასაკის ბრალია, სიმდიდრის, თუ სტატუსის, მაგრამ ფაქტია, რომ მიხაელი ძველებურად ბრძოლისუნარიანი ვეღარაა. სამწლიანი პაუზის შემდეგ შეუძლებელია ძველებურად ბრწყინავდე. ის იმ ძველი ნათურასავითაა, რომელიც 100-ვატიანია, მაგრამ მხოლოდ 60 ვატით ანათებს”.
”მიხაელის ფონზე, ნიკო როსბერგმა აშკარად მოუმატა. ამ ბიჭს ნიჭი ჰქონია. ვფიქრობ, მისი კარგი გამოსვლა მიხაელს აბნევს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიკოს ჯერ ერთი რბოლაც არ მოუგია”.
”ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ როცა მისი მანქანა იდეალური არაა, მიხაელი არცთუ საუკეთესოდ უმკლავდება თავის სამუშაოს. მაგალითად, კლარკს მოგება მაშინაც შეეძლო, როდესაც მანქანა ამის საშუალებას არ აძლევდა. ჩემი აზრით, მიხაელს ამის უნარი არ აქვს - როდესაც ახალი მანქანით რაღაც არ გამოსდის, მაშინ პრობლემები ექმნება”, - ამბობს სტიუარტი.
ესპანეთის დიდ პრიზზე შუმახერი მნიშვნელოვნად მოდერნიზებული მანქანით იასპარეზებს და ბევრი მოელის, რომ ეს მის შედეგებზე დადებითად აისახება. თუმცა, თვითონ პილოტი პროგნოზებთან დაკავშირებით, სიფრთხილეს იჩენს:
”ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია. ყოველი რბოლის შემდეგ უზარმაზარი სამუშაო ტარდება. ყველაზე მეტ წინსვლას კი ესპანეთში ველით, თუმცა ისე ნუ იფიქრებთ, რომ ბარსელონაში ჩვენ ტოპ გუნდებს შორის ვიქნებით. ამას გარკვეული დრო დასჭირდება”.
შუმახერი ხაზს უსვამს, რომ ყველაზე კარგი, რაც წინა ოთხ რბოლაში დაადგინა, ისაა, რომ მოტივაცია შენარჩუნებული აქვს. ამიტომ, ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარო. შუმახერისა სჯერა ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელ ბერნი ეკლსტოუნს. მისი თქმით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს დრო სჭირდება იმისათვის, რომ ისევ დაიწყოს გამარჯვებები.
”სკეპტიკოსების გასაგონად ვიტყვი - ნუ ჩამოსწერთ მიხაელს. ადაპტაციისთვის ცოტა დრო მიეცით და მალე დარწმუნდებით, რომ ის ისეთივე მებრძოლია, როგორიც ადრე იყო. ის არ დაბრუნდებოდა, დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, რომ გამარჯვება შეუძლია. ის პადოკში ტურისტად არ მოსულა. ის აქ გამარჯვებისთვისაა და გარწმუნებთ, აუცილებლად გაიმარჯვებს”, - ამბობს ეკლსტოუნი.
No comments:
Post a Comment