”რედ ბულის” წარმატებათა მთავარი მიზეზი ედრიან ნიუია
Williams: Newey genius to keep Red Bull ahead
21 მაისი
სერ ფრენკ უილიამსის აზრით, ”რედ ბულ რეისინგის” წარმატებათა მთავარი მიზეზი ედრიან ნიუია, ვინც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფორმულა 1-ის საუკეთესო ინჟინრად. სწორედ ნიუის ხელმძღვანელობით შეიქმნა ბოლიდი ინდექსით RB6, რომლითაც მიმდინარე სეზონში, ავსტრალიელმა მარკ უებერმა და გერმანელმა სებასტიან ფეტელმა 6-დან 3 რბოლა მოიგეს და ყველა კვალიფიკაციაზე უსწრაფესები იყვნენ. ამის შედეგი კი ისაა, რომ გუნდი ორივე კლასიფიკაციაში ლიდერია.
მართალია, ”ფერარი”, ”მაკლარენი” და ”მერსედესი” ირწმუნებიან, რომ სეზონის მსვლელობისას, ლიდერების დაწევას შეძლებენ, მაგრამ სერ ფრენკს ამაში ეჭვი ეპარება. მან იცის, რასაც ამბობს - ნიუი ხუთი სეზონის განმავლობაში (1990-1995 წლებში) სწორედ ”უილიამსის” ტექნიკური დირექტორი იყო.
”დაეწევიან თუ არა ისინი ”რედ ბულს”? ეჭვი მეპარება. უბრალოდ, ედრიანი სულ სხვა დონეზეა და თან, უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ის რომ ჩვენს გუნდში 1990 წელს მოვიდა, ძალიან მოკლე ხანში აუღო ალღო ყველაფერს. მან სწრაფად განსაზღვრა, როგორი მოხაზულობა უნდა ჰქონოდა მანქანას და აეროდინამიკურ მილში ბევრი მუშაობის გარეშეც შეეძლო სიახლეების შემუშავება. ის წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანია”, - ყვება სერ ფრენკი.
თავად ნიუი თავმდაბალი ადამიანია და თვლის, რომ სხვა გუნდებს საკმაო რესურსები და გამოცდილება აქვთ იმისათვის, რომ მოკლე დროში, დიდი ნაბიჯით წინ წაიწიონ. ”მათ უზარმაზარი გამოცდილება აქვთ. მაგალითად, ”მაკლარენს” მონაკოს დიდი პრიზი 15-ჯერ აქვს მოგებული, ჩვენს გუნდს კი 15 წელი ჯერაც არ შესრულებია. დღეს ჩვენს მანქანას კარგი სისწრაფე აქვს და ის გიგანტებთან ბრძოლის საშუალებას გვაძლევს. ახლა მთავარია, რომ უპირატესობის შენარჩუნება შევძლოთ. არ მინდა იმაზე ვილაპარაკო, თუ რომელ ტრასებზე ვიქნებით სწრაფები და რომელზე არა. თუმცა, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ყველგან შეგვიძლია გამარჯვებისთვის ბრძოლა. ჯერ სულ მეორე სეზონია, რაც რეგლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და მიმაჩნია, რომ ეს გარემოება, სხვებსაც სწრაფად განვითარების რესურსს ანიჭებს. ამიტომ, თუ განვითარების მაღალ ტემპს არ შევინარჩუნებთ, ორ კვირაში ჩვენი უპირატესობიდან არაფერი დარჩება”, - ამბობს ნიუი (სურათზე).
No comments:
Post a Comment