ფელიპე მასას ”მაკლარენი” იწვევდა
Felipe Massa
4 ივნისი
ბრაზილუირ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, გასულ სეზონში, ბრაზილიელი ფელიპე მასას გადაბირებას ინგლისური ”მაკლარენი” ცდილობდა. საქმე კონტრაქტის გაფორმებამდეც კი მისულა, მაგრამ შემდეგ მასას უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მძიმე ინციდენტი შეემთხვა, რის გამოც, ის ჩემპიონატს სეზონის ბოლომდე გამოეთიშა. მოგვიანებით, გამოჯანმრთელებულ პილოტს ”ფერარიმ” კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელა.
გამოცემა ”ეშპორტეშის” ინფორმაციით, ”მაკლარენმა” გასული სეზონის შუაშივე გადაწყვიტა, რომ ფინელი ჰეიკი კოვალაინენისთვის კონტრაქტი არ გაეგრძელებინა. მის საუკეთესო შემცვლელად სწორედ მასა მიიჩნიეს, რადგან ბრაზილიელი თავის ფინელ თანაგუნდელ კიმი რაიკონენის ფონზე თავის გამოჩენას ახერხებდა.
”მაკლარენსა” და მასას შორის მოლაპარაკებათა სერია გაიმართა, რომლის დროსაც, ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ”ფერარისთან” კონტრაქტის გაგრძელებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას. თუმცა, ისიც დასძინა, რომ სხვა ვარიანტების განხილვაზეც თანახმა იყო.
მაგრამ უნგრული რბოლის კვალიფიკაციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მომხდარის გამო, მასამ ”მაკლარენთან” მოლაპარაკება ვეღარ გააგრძელა, იტალიურმა საჯინიბომ კი მას კონტრაქტი ერთი წლით მაშინვე გაუგრძელა, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი პილოტი სეზონის ბოლომდე შეძლებდა მწყობრში ჩადგომას.
გავიდა ერთი წელი და როგორც ჩანს, ”ფერარიში” დარჩენა თავად მასას აღარ სურს. უფრო მეტიც, ის არ მალავს, რომ ”რედ ბულში” გადასვლა სურს. ავსტრიული კომპანიის გუნდს კი მასაზე მეტად, პოლონელი რობერტ კუბიცა აინტერესებს, თუმცა არც იმაზე იტყოდა უარს, რომ თავისთან ავსტრალიელი მარკ უებერი მიეწვია. სხვათა შორის, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”რედ ბული” თავის გერმანელ პილოტ სებასტიან ფეტელთან კონტრაქტის ხუთი წლით გაგრძელებას აპირებს. უებერს კი გუნდთან კონტრაქტი მალე დაუმთავრდება. ”ფერარიშტან” კონტრაქტი მასასაც ეწურება. ასე რომ, გამორიცხული არაა, მასამ და უებერმა ადგილები გაცვალონ...
No comments:
Post a Comment