ფორმულა 1-ში 107 პროცენტის წესი ბრუნდება
107 per cent rule returns for 2011
23 ივნისი
ევროპის დიდი პრიზის წინ, ფორმულა ერთში რამდენიმე სიახლე შემოიღეს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული 107 პროცენტის წესია. ეს წესი დიდი პრიზების ცირკში ადრეც გამოიყენებოდა, თუმცა გუნდების რაოდენობის შემცირების კვალობაზე, ისიც გააუქმეს.
107-პროცენტიანი წესის მიხედვით, კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით, ის პილოტები, რომელთა შედეგებიც კვალიფიკაციის პირველი ნაწილის გამარჯვებულის დროის 107 პროცენტში ვერ ჩაეტევა, რბოლის სტარტზე არ დაიშვებიან. რეგლამენტში შესაბამისი ცვლილება საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო საბჭოზე დაამტკიცეს.
”2011 წლიდან, პილოტები, რომელთა საკვალიფიკაციო შედეგი, კვალიფიკაციის პირველი ნაწილის უსწრაფესი პილოტის დროის 107 პროცენტზე მეტი იქნება, რბოლაზე არ დაიშვებიან”, - ნათქვამია FIA-ს მსოფლიო საბჭოს დადგენილებაში.
თუმცა, იქვე მითითებულია, რომ გამონაკლის შემთხვევებში, სტიუარდებს პილოტის სტარტზე დაშვების უფლება მიეცემათ. ასეთი გამონაკლისი შემთხვევა იქნება, თუ პილოტს თავისუფალ ვარჯიშებზე კარგი შედეგები ექნება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, კვალიფიკაციისას თავის შესაძლებლობებს ვერ გამოავლენს. თუ ასეთი განსაკუთრებული შემთხვევით, სტიუარდები სტარტზე ერთზე მეტ პილოტს დაუშვებენ, მათი სასტარტო ადგილიც მათივე დასადგენი იქნება.
ცნობისათვის, ფორმულა 1-ში 107 პროცენტის წესი 1996 წელს შემოიღეს. ის საჭირო გახდა, რათა რბოლისას, მეტისმეტად ნელ მანქანებს სწრაფებისთვის ხელი არ შეეშალათ. მაგრამ 2002 წელს, ეს წესი გაუქმდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთწრიანი საკვალიფიკაციო რეგლამენტი შემოიღეს.
ნელი მანქანების პრობლემა ფორმულა 1-ში ამ სეზონში დაბრუნდა, რადგან სამი ახალი გუნდის პილოტები, კვალიფიკაციაზე ლიდერებთან მეტისმეტად ბევრს აგებენ. მართალია, რბოლისას სწრაფებისთვის ხელის შეშლის განსაკუთრებული შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ტოპ გუნდები მუდმივად ამაზე წუწუნებენ. თანაც, მომავალი სეზონიდან ახლებს კიდევ ერთი დაემატება.
No comments:
Post a Comment