ჰამილტონმა ხელთ ჩემპიონატის ლიდერობა იგდო
Hamilton back on top after Canada win
13 ივნისი
ჰამილტონი გამარჯვებას ზეიმობსჰამილტონმა ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო, ”მაკლარენმა” კი ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა
..........................................
მართალია, ჰამილტონმა სტარტი პოულიდან აიღო, მაგრამ მას რომ ”რედ ბულის” პილოტების - მარკ უებერის და სებასტიან ფეტელის შეტევების მოგერიება გაუჭირდებოდა, ეს ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ მათგან ერთს საქმე სტარტამდე გაურთულდა. როგორც აღმოჩნდა, უებერის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გახდა შესაცვლელი და რამდენადაც ეს რიგგარეშე შეცვლა იყო, უებერი ხუთი ადგილით ჩამოაქვეითეს.
სტარტზე კი ჰამილტონი საკმაოდ იოლად გაუმკლავდა ფეტელის აგრესიას და რბოლა ლიდერის რანგში დაიწყო. სხვათა შორის, რბოლის დაწყებამდე ”ბრიჯსტოუნის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რბოლის მსვლელობისას, გუნდების უმეტესობა, მინიმუმ ორჯერ შევიდოდა ბოქსებში საბურავის შესაცვლელად. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რბოლაში ტაქტიკური ბრძოლა იყო მოსალოდნელი.
ჰამილტონმა ალონსოს მე-15 წრეზე გაასწრო
..........................................
ჰამილტონმა და მისმა თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმა რბოლა რბილი საბურავებით დაიწყეს, რაც იმის ეჭვს ბადებდა, რომ ორივეს ადრეული პიტ სტოპი ჰქონდა დაგეგმილი. მართალია, ფეტელმა რბოლა მედიუმ (საშუალო სიმაგრის) საბურავებით დაიწყო, მაგრამ თავიდანვე მიიტანა ჰამილტონზე იერიში და რამდენჯერმე ლამის მიაღწია კიდეც საწადელს, თუმცა შემდეგ მათ შორის ბრძოლა შეწყდა, რადგან ბრიტანელმა ბოქსებს მე-8 წრეზე მიაშურა (ბატონის შემდეგ). 5-6 წრის შემდეგ, ბოქსებს ჯერ უებერმა, შემდეგ კი ფეტელმაც მიაშურეს. თანაც, გერმანელს რბილი (სუპერ სოფტ) საბურავი დაუყენეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ბოქსში მალე ისევ ვიხილავდით.
სხვათა შორის, ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო ბოქსში ერთდროულად შევიდნენ. წინ ჰამილტონი იყო, მაგრამ იქიდან უფრო ადრე ალონსო გამოვიდა. მაგრამ მალე ჰამილტონმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი უკან მოიტოვა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ”რედ ბულის” პილოტებს პიტ სტოპი მოვლილი ჰქონდათ და ბრიტანელი ლიდერი გახდა. ალონსოს უკან ბატონი მიჰყვებოდა, შემდეგ კი ფეტელი, უებერი, რობერტ კუბიცა...
სტარტზე ჰამილტონმა მოწინავეობა იოლად შეინარჩუნა
..........................................
პიტ სტოპების მეორე სერიამდე რბოლა მიწყნარდა. თუ არ ჩავთვლით უკანა რიგებში ძალიან დაძაბულ ბრძოლებს, ტრასაზე საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. ისე მოხდა, რომ რეზინის მეორე კომპლექტის დასაყენებლად, ბოქსში ყველაზე გვიან უებერი შევიდა, თუმცა ამის მიუხედავადაც, მან შესვლის წინ ლიდერობა მაინც დაკარგა, რადგან საბურავები საშინლად გაეცვითა.
50-ე წრეზე მას ჰამილტონმა გაასწრო და იქვე კუდზე ალონსოც დააჯდა, მაგრამ ავსტრალიელმა ბოქსებისკენ გადახვევა მოასწრო. ტრასაზე დაბრუნებული კი მეხუთეზე, ფეტელის უკან აღმოჩნდა. 56-ე წრეზე, ალონსოს ბატონმა იმ დროს გაუარა, როცა ესპანელი ინდოელ კარუნ ჩანდჰოკს ასწრებდა და ამიტომ, ტემპი დაკარგა. აქედან მოყოლებული, ლიდერთა განლაგებაში აღარაფერი შეცვლილა.
”ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავი უიკენდისთვის. ჩვენს მხრებზე ბევრმა პრობლემამ გადაიარა, მაგრამ ამას გავუძელით და ეს თქვენი დამსახურებაა”, - ჰამილტონმა რადიოთი მადლობა ამ სიტყვებით გადაუხადა თავის გუნდს.
ამგვარად, მას 109 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატის ლიდერიც გახდა. მეორეზე ბატონმა გადაინაცვლა, ვისაც 106 ქულა აქვს, ძველი ლიდერი უებერი კი 103 ქულით, მესამემდე ჩამოქვეითდა. 94 ქულით, მეოთხეზე ალონსოა, მეხუთეზე მყოფ ფეტელს კი 90 ქულა აქვს.
”ეს ამ სეზონში ერთ-ერთი ურთულესი რბოლა იყო და მით უფრო სასიხარულოა, რომ კვლავ დუბლი შევძელით. ჯენსონმაც შესანიშნავად იმუშავა და საერთოდ, მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული გამარჯვებაა, რადგან ჩემს კარიერაში პირველი გამარჯვება სწორედ აქ მაქვს მოპოვებული”, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ამ ჩემპიონატის მეხუთე ლიდერია (ალონსოს, ფეტელის, ბატონის და უებერის შემდეგ).
როგორც იქნა, კვარცხლბეკზე კვლავ შეაბიჯა ალონსომ, ვინც ჯერ კიდევ კვალიფიკაციის შემდეგ იმედოვნებდა, რომ ამას შესძლებდა. ის თავისი რბოლითაც კმაყოფილი დარჩა და რაც მთავარია, აღნიშნა, რომ ყოველივე მისი გუნდის აშკარა წინსვლის შედეგია. მისგან განსხვავებით, თავი ვერაფრით ისახელა ”ფერარის” მეორე პილოტმა, ბრაზილიელმა ფელიპე მასამ, რომელმაც უკანა რიგებში ლომივით კი იბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში მანქანა დაუზიანდა (მიხაელ შუმახერთან შეჯახებისას) და საბოლოოდ, მე-15 ადგილს დასჯერდა.
კარგად იასპარეზა უებერმაც და რბოლის დიდი ნაწილი ლიდერის რანგში გაატარა, მაგრამ შემდეგ საბურავები დაუზიანდა, რის გამოც, სანამ მათ შეცვლიდა, რამდენიმე მეტოქემ გაასწრო და სწორედ მაშინ დაკარგა გამარჯვების შანსი. საბოლოოდ კი რბოლა მეხუთეზე, ფეტელის უკან დაასრულა.
კანადის დიდი პრიზი
რბოლის შედეგები
ტრასის სიგრძე - 4.361 კმ, 70 წრე, რბოლის დისტანცია 305.270 კმ
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33:53.456
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:02.254
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:09.214
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:37.817
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:39.291
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:56.084
7. როებრტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:57.300
8. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე
9. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1 წრე
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე
12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1 წრე
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე
17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 2 წრე
18. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 4 წრე
19. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 5 წრე
გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 20 წრე
გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 28 წრე
გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 40 წრე
გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 57 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 69 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: როებრტ კუბიცა - 1:16.972, 67-ე წრე
პილოტთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 109 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 106; 3. მარკ უებერი - 103; 4. ფერნანდო ალონსო - 94; 5. სებასტიან ფეტელი - 90; 6. ნიკო როსბერგი - 74; 7. რობერტ კუბიცა - 73; 8. ფელიპე მასა - 67; 9. მიხაელ შუმახერი - 34; 10. ადრიან სუტილი - 23; 11. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 12. რუბენს ბარიკელო - 7; 13. ვიტალი პეტროვი - 6; 14. სებასტიან ბუემი - 5; 15. ხაიმე ალგერსუარი - 3; 16-17. კამუი კობაიაში - 1; 16-17. ნიკო ჰულკენბერგი - 1
კონსტრუქტორთა პირველობა
1. მაკლარენ-მერსედესი - 215 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 193; 3. ფერარი - 161; 4. მერსედესი - 108; 5. რენო - 79. 6. ფორს ინდია-მერსედესი - 35; 7-8. ტორო როსო-ფერარი - 8; 7-8. უილიამს-კოსუორტი - 8; 9. ზაუბერ-ფერარი - 1
No comments:
Post a Comment