შესაძლოა, კუბიცა ”რედ ბულში” გადასვლაზე ფიქრობს
Robert Kubica Linked with Red Bull Seat in 2012
28 ივნისი
ფორმულა 1-ის ტოპ პილოტებიდან ერთადერთი, ვისაც მომავალი სეზონისთვის ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია, ”რენოს” პოლონელი რობერტ კუბიცაა, ვინც, როგორც ჩანს, მალე ფრანგულ საჯინიბოსთან კონტრაქტს ერთი წლით განაახლებს. თუმცა, ეს ჯერაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ დიდხანს დარჩენას აპირებს. თუმცა, გამორიცხული არაფერია.
ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ”რენო” ტოპ გუნდის სახელის დაბრუნებას. და ექნება თუ არა მომავალი სეზონის მიწურულს ვაკანსია ”რედ ბულს” - ერთადერთ გუნდს, რომელსაც ჩემპიონობისთვს ბრძოლის უნარი შესწევს და რომელსაც ორივე პილოტთან ხანგრძლივი კონტრაქტი არ აქვს.
ახლახანს, კერძოდ კი ევროპული დიდი პრიზის დღეებში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონელი პილოტის გადაბირებას ”მერსედესი” აპირებს. რამდენად საფუძვლიანი იყო ეს ხმები, ძნელი სათქმელია, მაგრამ თავად პილოტმა ვალენსიაში განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
”რენოსთან” მისი ახლანდელი კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანია, თუმცა კუბიცას მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების უფლება აქვს. ამ უფლების გამოყენება მას 15 ივლისამდე შეუძლია. თუმცა სავარაუდოა, რომ ”რენოს” მისი დატოვება სურს. ასეა თუ ისე, პოლონელი პილოტის მენეჯერი დანიელე მორელი გადაწყვეტილებას ბრიტანეთის დიდ პრიზამდე ან მის შემდეგ მიიღებს.
ინტერნეტ ჟურნალმა GP უიკმა ივარაუდა, რომ შესაძლოა, კუბიცა ”რედ ბულ რეისინგში” გადასვლაზე ფიქრობს და ამიტომ ცდილობს, რომ ”რენოსთან” ხანგრძლივი კონტრაქტი არ გააფორმოს. საიტს მოჰყავს მორელის სიტყვები, რომელსაც უთქვამს, რომ კუბიცა აჟამად მომავალ სეზონზე არ ფიქრობს, მისი მზერა უფრო შორსაა მიმართული. უფრო შორს კი შესაძლოა, ”რედ ბულში” ადგილი გამოთავისუფლდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდი მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ, თავის ავსტრალიელ პილოტ მარკ უებერს კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს.
უებერის მომავალი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გაურკვეველი იყო. თუმცა შემდეგ ის ჩემპიონატის ლიდერი გახდა და ”რედ ბულმაც” კონტრაქტი მხოლოდ ერთი სეზონით გაუგრძელა. არადა, მის ადგილზე ბევრი სწორედ კუბიცას და ფინელი კიმი რაიკონენის კანდიდატურას მოიაზრებდა.
ვალენსიაში ჩატარებული ევროპული დიდი პრიზი 25 წლის კუბიცამ მეხუთე ადგილზე დაასრულა, რის შემდეგაც, პილოტების კლასიფიკაციაში, მე-6 ადგილზე გერმანელი ნიკო როსბერგი შეცვალა.
No comments:
Post a Comment