”დელტაუინგის” ინდიქარის კონცეპცია
DeltaWing IndyCar Concept
1 ივლისი
”დელტაუინგი” ინდიანაეპოლისური კომპანიაა და სარბოლი ტექნიკის დამზადებასა და სრულყოფაზეა სპეციალიზებული. აქამდე ამ კომპანიის შესახებ ალბათ ავტოსპორტის მხოლოდ ამერიკელმა ფანებმა თუ იცოდნენ, მაგრამ მალე შესაძლოა ის ინდიქარის გუნდებისთვის ბოლიდების ერთპიროვნული მიმწოდებელი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ”დელტაუინგის” ხელმძღვანელობას ამის დიდი სურვილი აქვს, რაც იმაში გამოიხატა, რომ კომპანიამ ჩიკაგოს ავტო შოუზე ინდიქარის მომავლის კონცეპტუალური მოდელი წარადგინა.ანალოგიური კონცეპტუალური მოდელები კიდევ სამმა კომპანიამ - ამერიკულმა ”სუიფტმა”, იტალიურმა ”დალარამ” და ბრიტანულმა ”ლოლამაც” შეიმუშავეს, თუმცა ”დელტაუინგის” ავტომობილი სხვებთან შედარებით რევოლუციური იყო. თავად განსაჯეთ, გარდა იმისა, რომ უჩვეულო ფორმებით გამოირჩევა, ავტომობილს უნიკალური მახასიათებლებიც აქვს. კერძოდ, როგორც კონცეპციის ავტორები ირწმუნებიან, მათი ბოლოდი, მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელებზე ორჯერ ნაკლები სიმძლავრის ძრავი ექნება, ოვალურ ტრეკებზე მაინც საშუალო 350 კმ/სთ სიჩქარით ივლის. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორჯერ ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს.
”დღეს თქვენ ხედავთ, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის სარბოლი ავტომობილები. ამ რადიკალურ პროტოტიპს ღიაბორბლიანი მანქანების რბოლების თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა შეუძლია, როგორც ინჟინრული, ასევე სანახაობრივი თვალსაზრისითაც”, - ამბობს ”დელტაუინგის” მთავარი აღმასრულებელი დენ პარტელი და დასძენს, რომ თანამედროვე ავოინდუსტრიის ტრენდი, რომელიც მწარმოებლების ეკოლოგიისადმი ზრუნვით გამოიხატება, ავტოსპორტშიც, კერძოდ კი ინდიქარშიც უნდა აისახოს. ამიტომ, მისმა კომპანიამ, როდესაც კონცეპტუალურ სარბოლ ავტომობილზე მუშაობდა, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა.
კონცეპტუალური ავტომობილი ჩვეულებრივზე მსუბუქია და შემხვედრი ჰაერისადმი შემცირებული წინააღმდეგობის კოეფიციენტი აქვს. სხვათა შორის, სპეციალურად ამ კონცეპციისთვის, საბურავების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია ”ფაირსტოუნმა” საბურავები (სერია ფაირჰოკი) მოამზადა. ამ საბურავებს ”დელტაუინგის” სარბოლი მანქანის შესაფერისი მახასიათებლები აქვს.
კონცეპტუალურ ავტომობილს დიზაინის არაერთი საინტერესო ელემენტი აქვს:
1. მაგალითად ავიღოთ მისი წინა ”ღერძი”, რომელიც უჩვეულოდ ვიწროა. სამაგიეროდ, შემხვედრ ჰაერს მცირე წინააღმდეგობას უწევს, მსუბუქია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითქმის დახურული ბორბლებითაც ნაკლებად აშფოთებს ჰაერის შემხვედრ ნაკადს.
2. დიზაინის მეორე თავისებურება ისაა, რომ ავტომობილს წაწვეტებული და მეტად გარსშემოდენილი, ერთგვარი დელტასებრი ფორმა აქვს. ეს კი აეროდინამიკურ დატვირთვას ზრდის და მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხვირი მეტისმეტად ვიწროა, საერთო ჯამში, მის ქვეშ წარმოქმნილი გრაუნდ ეფექტის წყალობით, მანქანას შესაშური მდგრადობა ექნება. ეს კი წრის გავლის საშუალო სიჩქარეს გაზრდის. თანაც, არც უკან მომავალი მანქანისთვის შეიქმნება აეროდინამიკური წინააღმდეგობა, რაც რბოლის დროს გასწრებათა რიცხვს გაზრდის და რბოლის სანახაობრივ მხარეს გააუმჯობესებს.
3. როგორც წესი, ინდიქარის ბოლიდებს ტრეკზე რბოლისას ძალიან თხელი უკანა ფრთები აქვთ, ეს კი იმისათვის, რომ სწორზე წინააღმდეგობა არ გაიზარდოს. ოვალებზე რბოლისას, ამ მანქანებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფრთის ტორსული სტაბილიზატორებია, რომლებიც მდგრადობას უზრუნველყოფენ.
”დელტაუინგის” მანქანას უკანა ფრთა საერთოდ არ აქვს, მის მოვალეობას კი მისი უკანა ნაწილის ერთგვარი ”კაბა” ასრულებს. სტაბილიზატორი კი ერთი დარჩა და ისიც უზარმაზარი - თვითმფრინავის ტიპისა და ის დახრილი ვირაჟების გავლისას, ავტომობილის უკეთეს მდგრადობას უზრუნველყოფს.
”დელტაუინგი” ირწმუნება, რომ მისი პროექტით შექმნილი მანქანა, რომლის პროტოტიპიც მალე დამზადდება, ინდქარის ახლანდელ მანქანებზე ორჯერ მსუბუქიც უნდა იყოს და მას დაახლოებით ორჯერ ნაკლები აეროდინამიკური წინააღმდეგობაც ექნება. ამგვარად, ის გაცილებით ნაკლებ სიმძლავრეს მოითხოვს იმისათვის, რომ ბოლიდის საშუალო სიჩქარე 350 კმ/სთ იყოს. ამასთან, თითქმის განახევრდება საწვავის მოხმარება.
დენ პარტელი ამბობს, რომ მისი კომპანიის კონცეპციის მიერ შექმნილი პროტოტიპი მზად აგვისტოში უნდა იყოს, შემდგ კი, ინდიქარის სერიის ორგანიზატორ ინდი რეისინგ ლიგთან ერთად, მისი ტესტირება და სრულყოფის პროცესი დაიწყება. და თუ ტესტირების პროცესი წარმატებული იქნა, დიდი შანსია იმისა, რომ 2012 წლიდან, ინდიქარის სერიის რბოლებში სწორედ ასეთი მანქანებით იასპარეზონ.
”დელტაუინგის” კონცეპტუალური სარბოლი ავტომობილი ამერიკელ ინჟინერ ბენ ბოულბის ეკუთვნის, რომელმაც მისი შემუშავება სუფთა ფურცლიდან შარშან დაიწყო ჩიპ განასის საჯინიბოს ოფისში. მისი პროექტის მიხედვით, პირველი პროტოტიპი 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება. ჯერჯერობით უცნობია ამ აგრეგატის სიმძლავრე. სამაგიეროდ, კომპიუტერული მოდელირებს წყალობით დადგინდა, რომ ავტომობილს 300 ცხენის ძალაც ეყოფა იმისათვის, რომ მისმა საშუალო სიჩქარემ ტრეკზე 350 კმ/სთ-ს მიაღწიოს. ამასთან, არნახულად დიდი იქნება მისი სამუშაო რესურსიც - დაახლოებით 6 400 კილომეტრი, რაც ინდიქარის თანამედროვე ძრავების შესაბამის მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ მეტია.
პარტელის თქმით, ასეთი, სრულად დაკომპლექტებული ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 600 000 დოლარი იქნება, რაც მისი კომპანიის კონცეპციის კიდევ ერთი დიდი პლიუსია.
No comments:
Post a Comment