უებერის ავარიის მიზეზების ახალი ვერსია
F-duct a factor in Webber's crash? – report
1 ივლისი
ვალენსიაში, ევროპის დიდი პრიზის რბოლისას, ”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელი მარკ უებერის და ფინელი ჰეიკი კოვალაინენის ავარიის მიზეზად ოფიციალურადაა გამოცხადებული ის ფაქტი, რომ პილოტებმა ტრასის სხვადასხვა მომენტში დაიწყეს დამუხრუჭება, რამაც მათი უეცარი დაახლოება და ძლიერი შეჯახება გამოიწვია. მაგრამ რბოლის შემდგომ დღეებში, პრესაში სხვა მოსაზრებებიც გაჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი გვარწმუნებს, რომ ავარია ”რედ ბულის” მანქანის კონსტრუქციის სრულიად ახალმა ნაწილმა - აეროდინამიკურმა ჰაერსადინარმა გამოიწვია.”რედ ბულის” საჯინიბომ ეს ჰაერსადინარი პირველად თურქული ეტაპის თავისუფალ პრაქტიკებზე გამოიყენა, თუმცა კვალიფიკაციასა და რბოლაზე მანქანებმა მის გარეშე იასპარეზეს. ენსტოუნის ბაზაზე ჩატარებული მოდერნიზაციის შემდეგ, ეს ელემენტი ვალენსიაში ჩაიტანეს და ის რბოლაშიც გამოიყენეს.
ისევე როგორც ”მაკლარენის” მანქანებზე, ”რედ ბულის” შემთხვევაშიც, ჰაერსადინარს პილოტი თავისი სხეულის ნაწილით კეტავს. სხვანაირად, მას საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია დაიწუნებდა. მაგრამ თუ ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი სადინარს მუხლით ხურავენ, ”რედ ბულის” პილოტებს იგივე ოპერაციისთვის მარცხენა ხელის თითების გამოყენება უწევთ. ეს კი დიდი ნაკლია, რადგან ხელი ავტომობილის მართვაში მთავარ როლს ასრულებს. მარცხენა ფეხი კი, რომლითაც სადინარი ”მაკლარენის” მანქანებზე იხურება, სწორი მონაკვეთების გავლისას უქმედაა.
”რედ ბულ რეისინგის” შეფი ქრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ სადინარის დახურვის მომენტში, პილოტს მარცხენა ხელით საჭის რგოლი ნაწილობრივ მაინც უჭირავს. თუმცა, როგორც ჩანს, ექსტრემალურ სიტუაციაში ეს საკმარისი არ ყოფილა. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ავარიის წინ, სწორზე მოძრაობისას, უებერმა მარცხენა ხელის თითები მართლა მოაცილა საჭეს, შეჯახებამდე წამით ადრე კი მათ თავის ადგილზე აბრუნებს. ეს ნიშნვს, რომ სადინარი გაიხსნა და უკანა ფრთაც ჩვეულებრივად დაიტვირთა. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სტარტის ჩავარდნის გამო, ოზ პილოტს აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა. შეჯახებამდე მან თავისი მანქანა ჯერ მარცხნივ მიმართა, საითაც მოულოდნელად ”ლოტუსმაც” წაინაცვლა. შემდეგ კი უებერმა საჭე მარჯვნივ აიღო. მაგრამ ამ მომენტში, კოვალაინენმა დამუხრუჭება დაიწყო...
ასეთ სიტუაციაში, იტალიურ ჟურნალ ”ავტოსპრინტის” ვერსიით, ადვილი დასაშვებია, რომ უებერმა კონცენტრაცია დაკარგა და მარცხენა ხელით არასწორი მანიპულაცია შეასრულა - ჰაერსადინარი გადაკეტა და უკანა ფრთა განტვირთა, რამაც მანქანის შენელება შეაფერხა...
No comments:
Post a Comment