”სიტროენს” რაიკონენის შენარჩუნება სურს
Citroen eager to retain Raikkonen
25 აგვისტო
რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ”სიტროენის” საქარხნო გუნდის შეფი ოლივიე ქვესნელი აცხადებს, რომ მას ფინელი კიმი რაიკონენის შენარჩუნება სურს. მართალია, კულუარებში ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ფრანგული კომპანიის ახალგაზრდულ გუნდსა და ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს შორის მოლაპარაკება ჯერ არ მიმდინარეობს, მაგრამ ფინელმა პილოტმა უკვე განაცხადა, რომ ფორმულაში მისი დაბრუნების შანსი მინიმალურია. თუმცა, ისიც არაა გამორიცხული, რომ მან ”სიტროენს” ზურგი აქციოს და სხვა გუნდში გადაბარგდეს.
”ჩვენ მოგვწონს კიმი და სიამოვნებით დავიტოვებთ მას მომავალი სეზონისთვის. ძალიან გაგვიხარდება, თუ ის ჩვენთან დარჩენას გადაწყვეტს”, - ამბობს ქვესნელი და დასძენს, რომ რაიკონენთან მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყია. თუმცა, ისიც კარგად ესმის, რომ ამის დროც უკვე მოსულია.
”გავიგე, რომ კიმის ჩვენთან დარჩენის სურვილი აქვს, მაგრამ მასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე ჯერ არ მისაუბრია. მართალია, მე გერმანიის რალის დავესწარი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ გვქონია”, - ამბობს ქვესნელი.
რაც შეეხება რაიკონენს, მას თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი გაატაროს. თუმცა, გადაწყვეტილი ჯერ არაფერი აქვს: ”ამ სეზონმა დიდი სიამოვნება მომანიჭა და კარგი იქნება, თუ დავრჩები და იმას გამოვიყენებ, რაც ვისწავლე. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია”.
სხვათა შორის, ერთი თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საასფალტო ეტაპზე, რომელიც ბულგარეთში ჩატარდა, რაიკონენი ერთხანს მეოთხე ადგილზე იყო, თუმცა მისი საუკეთესო შედეგი ჯერ მხოლოდ მეხუთე ადგილია, რომელიც თურქულ ეტაპზე დაიკავა. ახლახანს კი, გერმანიაში (ასფალტზე), მეშვიდე ადგილს დასჯერდა.
No comments:
Post a Comment