”ლოტუს ექსოს T125” - გასართობი ფორმულა
Lotus Exos T125 Breaks Cover
10 აგვისტო
სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ინგლისურმა კომპანია ”ლოტუსმა”, რომელიც დღეისათვის მალაიზიური ”პროტონის” საკუთრებაა, საზოგადოებას სარბოლი ავტომობილი - ”ექსოს T125” წარუდგინა, რომელიც კერძო პირებზე კი გაიყიდება, თუმცა მხოლოდ სარბოლი ტრასებისთვისაა მისადაგებული.
თავისი აგებულებითაც და გარეგნობითაც, ”ექსოს T125” ფორმულა 1-ის სარბოლ ავტომობილს მოგაგონებთ. ეს არცაა გასაკვირი - ”ლოტუსს” ხომ ავტოსპორტის უმაღლეს კლასში ბევრი მიღწევა აქვს და თანაც, ამ სეზონში, ის დიდი პრიზების ცირკსაც დაუბრუნდა.
ავტომობილის შასი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, სამუხრუჭე სისტემის ფრიქციული ელემენტები კერამიკული მასალებისგან დამზადდა, გადაცემათა კოლოფიც ისეთივეა, როგორიც ფ1-ში, მისი სადეხურების გადამრთველი ნიჩბები კი საჭის რგოლის უკანაა მოთავსებული.
რაც შეეხება ძრავს, ესაა ინგლისურ კომპანია ”კოსუორტის” 3.5-ლიტრიანი V8, რომელიც 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავის რეკომენდირებული მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი მხოლოდ 10 300-ია წუთში. პირველ რიგში, მცირე ბრუნთა რიცხვი ძრავის სამუშაო რესურსის გაზრდას უზრუნველყოფს, რომელიც 4 500 კილომეტრს შეადგენს. ”კოსუორტი” გარანტიას იძლევა, რომ ამ მანძილზე ძრავს რემონტი არ დასჭირდება. დაკიდევ, სრულად დაკომპლექტებული ავტომობილი მხოლოდ 650 კილოგრამს იწონის. ესე იგი, ავტომობილის ყოველ პირობით ტონაზე 1 000 ცხენის ძალა მოდის.
”ლოტუსი” მხოლოდ 25 ცალი ”ექსოს T125-ის” დამზადებას აპირებს. თითოეულის ღირებულება კი 1 000 000 ამერიკული დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, მყიდველს ”ლოტუსი” ამ ავტომობილის მართვის უფასო გაკვეთილებს პირდება (უფრო სწორედ, გაკვეთილების ფასი ავტომობილის ღირებულებაში შედის). ამასთან, ”ლოტუსი” ამ ავტომობილების მყიდველებს სპეციალურ სატრეკო დღეებს მოუწყობს, რომელთა დროსაც, მოყვარული მრბოლები თავიანთი ძვირადღირებული სათამაშოების მეშვეობით, ადრენალინის ჭარბ დოზებს მიიღებენ.
No comments:
Post a Comment