ლოები მეშვიდე ტიტულს უახლოვდება
Loeb wins German rally, nears seventh title
22 აგვისტო
როგორც ჩანს, სებასტიან ლოებს მეშვიდე ტიტულის მოპოვებაში ხელს ვეღარავინ შეუშლის. მან დიდი უპირატესობით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე ეტაპი - გერმანიის რალი, რის შემდეგაც, უახლოეს მდევართან, თანამემამულე სებასტიან ოჟიესთან უპირატესობა 58 ქულამდე გაზარდა.
36 წლის ფრანგმა რბოლის პირველივე დღეს ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდე ხელიდან აღარც გაუშვია. სხვა ეტაპებისგან განსხვავებით, გერმანიის რალი ასფალტიან გზაზე ჩატარდა და ამის გამო, სპეცმონაკვეთების გამხსნელებს გზის გაწმენდა არ უწევთ. ამიტომ, ლოებს პირველივე დღიდან არ დაუზოგავს თავი და წინ არც არავინ გაუშვია. სხვათა შორის, რბოლის ერთ-ერთი სპეცმონაკვეთი - პანცერპლატე, მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში შემავალ ყველა რბოლის ყველაზე უგრძესი მონაკვეთია.
”რბოლის განმავლობაში, ერთი უმნიშვნელო პრობლემაც არ შეგვქმნია. არც მე დამიშვია შეცდომები. მოკლედ, შესანიშნავი რბოლა მქონდა. გერმანიაში მერვედ მოვიგე და ამის დაჯერება თვითონაც მიჭირს. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამას შევძლებდი”, - განაცხადა ლოებმა (სურათზე).
საინტერესოა, რომ გერმანიის რალის კვარცხლბეკის სამივე საფეხური ”სიტროენის” პილოტებმა დაიკავეს. მეორეზე ლოების ესპანელი თანაგუნდელი დანიელ სორდო გავიდა, მესამე ადგილს კი ”სიტროენ ჯუნიორის” ფრანგი სებასტიან ოჟიე დაეპატრონა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ეტაპიღა დარჩა, ესე იგი, მაქსიმუმ 100 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი. ანუ, ლოებს ჩემპიონობისთვის 43 ქულაც ეყოფა. ამასთან, ჩემპიონი რომ გახდეს, ოჟიემ ოთხივე რბოლა უნდა მოიგოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
მეშვიდე ადგილს დასჯერდა ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი, ვინც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ სეზონს ატარებს. მართალია, ბოლო სპეცმონაკვეთზე გაიმარჯვა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებულს მაინც თითქმის 9 წუთით ჩამორჩა.
გერმანიაში მოპოვებული გამარჯვება ლოებისთვის ამ სეზონში მეხუთეა, სულ კი მას კარიერაში მსოფლიო ჩემიონატების 59 ეტაპი აქვს მოგებული.
გერმანიის რალის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:59:38.300
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +00:51.300
3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 02:13.300
4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 02:33.900
5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 06:47.700
6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 08:46.700
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 08:50.500
8. ხალიდ ალ ყასიმი (ემირატები, ფორდი) 17:36.500
9. მარკ ფან ელდიკი (ჰოლანდია, სუბარუ) 17:53.000
10. პატრიკ სანდელი (შვედეთი, შკოდა) 17:58.800
პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 191 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 133; 3. იარი-მატი ლატვალა - 117; 4. პეტერ სოლბერგი - 100; 5. დანიელ სორდო - 95; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) - 86; 7. მეტიუ უილსონი - 56; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 25; 10. კიმი რაიკონენი - 21...
კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 308 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 222; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 168; 4. შტობარტ VK M-შპორტ ფორდ WRT - 118; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 40
No comments:
Post a Comment