”მაკლარენი” იტალიაში ჰაერსადინარს არ გამოიყენებს
McLaren to remove F-duct for Monza
23 აგვისტო
მალე ფორმულა 1-ის სეზონი ბელგიური ეტაპით განახლდება, თუმცა ”მაკლარენს” უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ რა სიახლეებს გამოიყენებს იტალიის დიდ პრიზზე, რომელიც ბელგიისას ორ კვირაში მოჰყვება. კერძოდ, ჟურნალ ”ავტოსპორტის” ინფორმაციით, ინგლისური გუნდი მონცას ტრასაზე თავისი რევოლუციური ჰაერსადინარის გამოყენებას არ აპირებს.
ამის მიზეზი კი გარემოებაა, რომ მონცაზე ასპარეზობისას, მანქანას გზასთან მინიმალური ჩაჭიდებაც ჰყოფნის და დამატებითი აეროდინამიკური ეშმაკობები სრულიად უსარგებლოა. სხვათა შორის, მსგავს სადინარს ”რენო” პირველად ბელგიაში გამოიყენებს, თუმცა როგორც ჩანს, ფრანგულ გუნდს იტალიაში მისი მოხსნა მოუწევს.
”მაკლარენი” პირველი გუნდია, რომელმაც თავისი მანქანის კონსტრუქციაში აეროდინამიკური ჰაერსადინარი დანერგა. ასეთი მოწყობილობა მანქანას სწორ მონაკვეთებზე იმდენად დიდ უპირატესობას აძლევს, რომ სეზონის დასაწყისიდანვე, თითქმის ყველა გუნდმა დაიწყო მსგავსი მოწყობილობის შემუშავება.
ჰაერსადინარი პილოტს საშუალებას აძლევს, რომ სწორი მონაკვეთის გავლისას, უკანა ფრთაზე დატვირთვა შეამციროს და მოსახვევში კი პირიქით - გაზარდოს. მაგრამ მონცაზე რბოლისას, ის გამოუსადეგარი ხდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ტრასისთვის მანქანების მომზადებისას, გუნდების ინჟინრები უკანა ფრთებს მაქსიმალურად ხრიან, რათა მათგან მინიმალური წინააღმდეგობა წარმოიქმნას. სწორზე ფრთის განტვირთვამ შეიძლება მანქანა უმართავიც კი გახადოს. გარდა ამისა, იმავე დახრის გამო, ჰაერსადინარს მოსახვევებში ეფექტი თითქმის არ ექნება, ამიტომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ”მაკლარენი” ჰაერსადინარის გამოყენებას არ აპირებს.
ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ სხვა გუნდები. სხვათა შორის, მონაკოში ”მაკლარენის” გარდა, ყველა გუნდმა უარი თქვა ჰაერსადინარის გამოყენებაზე. მ აშინ ”მაკლარენმა” თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჰაერსადინარი მანქანის კონსტრუქციის ნაწილია და გუნდს არ მოეპოვება ისეთი სხვა მანქანა, რომლის კონსტრუქციაში ეს ელემენტი არ შედის. არადა, მონაკოშიც ასეთი აეროდინამიკური ელემენტი ნაკლებად ეფექტურია, რადგან იქ მანქანების მაქსიმალური სიჩქარის აკრეფას ვერც კი ასწრებენ.
No comments:
Post a Comment