შუმახერი თავის წარუმატებლობებს მანქანას მიაწერს
Schumacher blames car for comeback struggle
17 აგვისტო
მიხაელ შუმახერი (უნგრეთში ასპარეზობისას) აცხადებს, რომ ფორმულა 1-ში მისი დაბრუნების შემდეგ, უფერული გამოსვლების ძირითადი მიზეზი, ”მერსედესის” მანქანაა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს 12 ეტაპის შემდეგ, პილოტების კლასიფიკაციაში მეცხრე ადგული უკავია. და, რაც ყველაზე თვალსაჩინოა, 56 ქულით ჩამორჩება თავის თანაგუნდელსა და თანამემამულე ნიკო როსბერგს.
”რა თქმა უნდა, როცა ქულების ცხრილს ვუყურებ, ეს კმაყოფილებას სულაც არ მანიჭებს. მაგრამ იმას, რომ ქულების ასეთი სოლიდური დეფიციტი მაქვს, თავისი მიზეზი გააჩნია”, - ამბობს 41 წლის გერმანელი, ვინც ამ სეზონში ერთხელაც არ ასულა გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე.
გერმანულმა კომპანიამ ეს გუნდი მისი შეფის, როს ბრაუნისგან გამოისყიდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ”ბრაუნის” მანქანით, ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის გუნდში დარჩენას აპირებდა და ბუნებრივია, გუნდმაც ახალი მანქანა მისი პარამეტრების და მართვის მანერის გათვალისწინებით დააპროექტა. შუმახერის თქმით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ის W01-ს ვერ შეეწყო.
ბატონის თქმით, მანქანა ისე დააპროექტეს, რომ მას არასაკმარისი მოხვევადობა ჰქონოდა, რაც მის სტილს შეესაბამება. სამაგიეროდ, შუმახერს ასეთი მანქანა არ შეესაბამება - თავის დროზე, ”ფერარი” მისთვის ან თანაბრად დაბალანსებლ მანქანებს ამზადებდა, ან ისეთებს, რომლებსაც ჭარბი მოხვევადობისკენ მცირე მიდრეკილება ჰქონდათ.
ბატონი ”მაკლარენში” გვიან გადავიდა და იმ დროს უკვე შეუძლებელი იყო მანქანის კონსტრუქციის ძირითადი პარამეტრების შეცვლა. ასე რომ, შუმახერს ფაქტობრივად, ბატონისთვის მომზადებული მანქანის პილოტირება უწევს, რაც მისთვის ადრე წარმოუდგენელი იყო.
”ეს ის მანქანაა, რაც ჩვენს ხელთ აღმოჩნდა. ის იმ მანქანის დამუშავებული ვარიანტია, რომელიც შარშან, აქ ჩემს მოსვლამდე შეიქმნა. ამის შედეგი ისაა, რომ ბევრ რამესთან შეგუება მიწევს. მანქანა საბურავებთან ჰარმონიაში არაა და ვფიქრობ, არც პილოტების მონაცემებს შეესაბამება”, - ამბობს შუმახერი, ვისაც თავისი სახელოვანი კარიერის განმავლობაში, 91 რბოლა აქვს მოგებული.
სწორედ ეს გარემოებებია იმის მიზეზი, რომ ”მერსედესმა” თითქმის უარი თქვა W01-ს სრულყოფაზე და უკვე მომავალი სეზონის მანქანაზე მუშაობს. შუმახერი ამბობს, რომ ახალი ბოლიდის შექმნისას, პილოტების მართვის სტილის გათვალისწინება აუცილებელია და ამ შემთხვევაში, პროგრესი გარდაუვალი იქნება.
No comments:
Post a Comment