ბაჰრეინი კალენდრიდან მაინც ამოვარდა
Bahrain gives up on 2011 race
10 ივნისი
ბაჰრეინის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ თავი შეიკავონ ამ სეზონში რბოლის ჩატარებისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კალენდარში ტავის ძველ ადგილს (30 ოქტომბერს) დაუბრუნდება ინდოეთის დიდი პრიზი, რომელიც წელს პირველად ჩატარდება.
არადა, ბაჰრეინული რბოლის ორგანიზატორების ამ გადაწყვეტილებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ეს რბოლა კალენდარში დააბრუნა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ინდურმა ეტაპმა დეკემბერში გადაინაცვლა. მაგრამ პილოტების და გუნდბის უმეტესობა ამით უკმაყოფილო დარჩა. მათი მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ ბაჰრეინში უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა - ქვეყანაში მიმდინარე არეულობათა აქტივისტები დაიმუქრნენ, რომ რბოლის დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდებოდნენ.
მართალია, FIA-მ ბაჰრეინული ეტაპი აღადგინა, თუმცა მისმა პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ბოლო სიტყვა მაინც ფორმულა 1-ის პრომოუტერ ბერნი ეკლსტოუნს მიანდო, ამან კი პირდაპირ განაცხადა, რომ ამ სეზონში, რბოლის ჩატარების შანსი არ არსებობს.
ამასთან, ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომის შეფმა ზაიედ ერ ალზაიანიმ განაცხადა, რომ რამდენადაც, კალენდარში ბაჰრეინული ეტაპის დამატებამ გუნდების უკმაყოფილება გამოიწვია, თავის გამოდებას აზრი არ აქვს და უმჯობესი იქნება, თუ რბოლა ამ სეზონში აღარ გაიმართება.
„ჩვენ არ გვინდა, რომ კალენდარში ჩვენი რბოლის დაბრუნებით, პილოტები, გუნდები და მათი მხარდამჭერები გადავღალოთ. ჩვენ გვინდა, რომ ფორმულა 1-ში ჩვენი როლი, როგორც ყოველთვის, პოზიტიური, კონსტრუქციული იყოს. ამიტომ, სპორტის ინტერესების გათვალისწინებით, კალენდარში ჩვენი რბოლის დაბრუნებას არ მოვითხოვთ“, - ნათქვამია ერ ალზაიანის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს ამ სეზონის შეცვლილი კალენდარი საბოლოო სახეს, თუმცა ადვილი სავარაუდოა, რომ ჩემპიონატს, ბრაზილიის დიდი პრიზი 27 ნოემბერს დაასრულებს.
No comments:
Post a Comment