ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, June 26, 2011

ფეტელის „საუკეთესო“ გამარჯვება ამ სეზონში

Vettel takes sixth win of season in Valencia
26 ივნისი
„მადლობა ბიჭებო, წელს ეს საუკეთესო გამარჯვებაა“, - ეს სებასტიან ფეტელის პირველი სიტყვებია მას შემდეგ, რაც მან ევროპის დიდი პრიზის ფინიშის ხაზი გადაკვეთა. რა თქმა უნდა, მის ამ სიტყვებს ფორმულა ერთის მილიონობით მაყურებელი არ დაეთანხმება, რადგან, ვალენსიას ქუჩებში ჩატარებული რბოლა სანახაობრივად ამ სეზონის სხვა რბოლებს ვერ შეედრებოდა, თუმცა მთავარია, რომ მსოფლიო ჩემპიონი სტარტიდან ფინიშამდე, ტრასაზე სიტუაციას აბსოლუტურად აკონტროლებდა და ალბათ, ამ სეზონში ყველაზე იოლი გამარჯვება მოიპოვა.

ბევრი ელოდა, რომ ტექნიკურ რეგლამენტში სახელდახელოდ შეტანილი ცვლილებით, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) „რედ ბულის“ და ფეტელის დომინაციას შეასუსტებდა მაინც, მაგრამ პირიქით კი მოხდა - კვალიფიკაციაში ფეტელი ისევ ერთი თავით სჯობდა ყველას, რბოლაში კი მისი უირატესობა გაცილებით დამაჯერებელი იყო, ვიდრე წინა ხუთი გამარჯვებისას.
გერმანელმა 10.8 წამით აჯობა მეორეზე გასულ ფერნანდო ალონსოს, ვინც ამ სეზონში თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა. ალონსოს კი 17 წამით ჩამორჩა ფეტელის თანაგუნდელი მარკ უებერი, რომელსაც ამჯერად გადაცემათა კოლოფმა შეუქმნა პრობლემები. თუმცა, ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ საერთო ჩათვლაში ჯენსონ ბატონს დასწეოდა და ახლა მასთან ერთად, მეორე ადგილს იყოფს.

23 წლის ფეტელმა თავის კარიერაში მე-16 გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით, ლეგენდარულ სერ სტირლინგ მოსს გაუტოლდა, ვინც ახლახანს, 81 წლისამ დაასრულა თავისი კარიერა (არა პროფესიონალისა). ევროპული ეტაპის შემდეგ, ფეტელი ბატონს და უებერს 77 ქულას უგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე ქულის აღებასაც ვერ შეძლებს, ლიდერობას მაინც შეინარჩუნებს. სხვათა შორის, ფეტელს ამ სეზონში მხოლოდ 14 ქულა აქვს დაკარგული - მხოლოდ ორჯერ ვერ შეძლო კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურის დაკავება და თანაც, ორივე შემთხვევაში (ჩინეთსა და კანადაში), მეორე ადგილი დაიკავა.
„მაყურებლისთვის, ეს რბოლა ალბათ მოსაწყენი იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რბოლის დროს რამე საინტერესო ხდებოდა, თუ არა. მაგრამ მე მისგან დიდი სიამოვნება მივიღე. არის მიზეზები, რომელთა გამოც, ეს ტრასა მომწონს. არადა ყოველთვის, როცა აქ ჩამოვდივართ, ყველა ამბობს, რომ ის ასი პროცენტით პილოტებისთვის შექმნილი არაა, რადგან აქ სწრაფი მოსახვევების ნაკლებობაა. მაგრამ ჩვენ ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ, რბოლა უშეცდომოდ ჩავატარეთ და შინ გამარჯვებულები წავალთ“, - ამბობს ფეტელი, ვინც ვალენსიაში შარშანაც პოულ პოზიციიდან აიღო სტარტი და ფინიშთანაც პირველი მივიდა.
თავისი შედეგით კმაყოფილი დარჩა ალონსოც, ვინც ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი, კვარცხლბეკზე ასვლა და შამპანური იყო: „როგორც იქნა, ნორმალური რბოლის შემდეგ შევძელი კვარცხლბეკზე ასვლა და ეს ამ ფანტასტიკური უქმეების შესანიშნავი დასასრულია. ვფიქრობ, დღეს ამაზე უკეთესი შედეგით, ჩემს ქომაგებს ვერ გავახარებდი“.
სტარტი ფეტელმა იოლად მოიგო, უებერს კი თავისი მეორე პოზიციის შესანარჩუნებლად ბრძოლა დასჭირდა. ჯერ იყო და, პირველ მოსახვევში ფელიპე მასას შეტევის მოგერიება მოუხდა, შემდეგ მოსახვევში კი ალონსოს მანევრი აღკვეთა. სტარტი ყველაზე უკეთესად მასას გამოუვიდა, რომელმაც ალონსო და ჰამილტონი ერთდროულად ჩამოიტოვა, თუმცა უებერს რომ ვერ გაასწრო, ოპტიმალურ ტრაექტორიას ასცდა და სწორედ მაშინ „გაეპარა“ ალონსო.
მართალია, ესპანელმა დასაწყისშივე ვერ შეძლო ავსტრალიელის გასწრება, თუმცა 21-ე წრეზე თავისი მაინც გაიტანა. ეს უკანა რეგულირებადი ფრთის გამოყენების პირველ ზონაში შეძლო. მაგრამ 9 წრის შემდეგ, უებერმა პოზიცია დაიბრუნა. ოღონდ, ეს მეტოქეზე ერთი წრით ადრე შესრულებული პიტ სტოპის წყალობით მოახერხა. და მაინც, მომდევნო პიტ სტოპზე უკვე ალონსომ იხეირა. არადა, ის ამჯერადაც უებერზე გვიან შევიდა ბოქსში.
მოკლედ, ლიდერებს შორის ამჯერად მხოლოდ პოზიციური ბრძოლები ვიხილეთ. მართალია, პელოტონის მეორე ნახევარში მუდმივად დაძაბული პაექრობები იყო, მაგრამ ამან რბოლას სიხალისე მაინც ვერ შემატა. ვერც ჰამილტონმა შეძლო მისთვის ჩვეული აგრესიის გამოვლენა... სხვათა შორის, რბოლის წინ ბრიტანელმა განაცხადა, სანამ გასწრებას დავაპირებ, ორჯერ დავფიქრდებიო. როგორც ჩანს, მასზე კრიტიკამ უარყოფითად იმოქმედა, ამით კი მაყურებელმა იზარალა...






ევროპის დიდი პრიზი
ვალენსია. რბოლის დისტანცია 308.883 კმ, (5.419 კმ, 57 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:39:36.169
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 +00:10.891
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    00:27.255
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         00:46.190
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:51.705
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               01:00.065
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   01:38.090
8. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)          1 წრე
9. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია)               1 წრე
10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                          1 წრე
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1 წრე
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1 წრე
13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1 წრე
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1 წრე
15. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1 წრე
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1 წრე
17. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1 წრე
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1 წრე
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                2 წრე
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        2 წრე
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          2 წრე
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                2 წრე
23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                3 წრე
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             3 წრე
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:41.852, 53-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 186 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 109; 3. მარკ უებერი - 109; 4. ლუის ჰამილტონი - 97; 5. ფერნანდო ალონსო - 87; 6. ფელიპე მასა - 42; 7. ნიკო როსბერგი - 32; 8. ვიტალი პეტროვი - 31; 9. ნიკ ჰაიდფელდი - 30; 10. მიხაელ შუმახერი - 26; 11. კამუი კობაიაში - 25; 12. ადრიან სუტილი - 10; 13. ხაიმე ალგერსუარი - 8; 14. სებასტიან ბუემი - 8; 15. რუბენს ბარიკელო - 4; 16. სერხიო პერესი - 2; 17. პოლ დი რესტა - 2

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 295 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 206; 3. ფერარი - 129; 4. რენო - 61; 5. მერსედესი - 58; 6. ზაუბერ-ფერარი - 27; 7. ტრორო როსო-ფერარი - 16; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 12; 9. უილიამს-კოსუორტი - 4

No comments:

Post a Comment