Vettel grabs pole at Canadian Grand Prix
11 ივნისი
ფეტელი მეექვსე პოულს ზეიმობს |
სათაურში სებასტიან ფეტელის ხსენება აღარც ღირს - თუ არა ის, აბა, სხვა ვინ მოიგებს კვალიფიკაციას. კანადა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპს მასპინძლობს და გერმანელმა მსოფლიო ჩემპიონმა, უკვე მეექვსე პოულ პოზიცია მოიპოვა. თუმცა, ამჯერად ამის გაკეთება საკმაოდ გაუჭირდა. უფრო სწორედ, კი არ გაუჭირდა, მეტოქეები ძალიან მიუახლოვდნენ. ოღონდ, ეს მიახლოება გამარჯვებისთვის საკმარისი არაა. ჯერჯერობით მაინც...
ალონსო ისევ მოწინავე რიგშია |
და ვინაა დანარჩენებს შორის ყველაზე სწრაფი? არც ფეტელის თანაგუდელი მარკ უებერი და არც „მაკლარენის“ ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი. ეს „ვინ“ ფერნანდო ალონსოა, იმ გუნდის პილოტი, რომელსაც ამ სეზონზე, როგორც პადოკში ხშირად ამბობენ, ხელი ჩაქნეული აქვს. „ფერარის“ პროგრესი რომ აშკარაა, ამაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი პოულის მფლობელს სულ რაღაც, 0.185 წამით ჩამორჩა. მესამე შედეგი კი „ფერარისავე“ პილოტს, ფელიპე მასას აქვს, რომელიც თანაგუნდელს, სულ რაღაც, 0.018 წამით ჩამორჩა.
ალონსო ფეტელის მანქანას "ამოწმებს" |
მოკლედ, ფეტელმა ამ სეზონში მეექვსე, კარიერაში კი 21-ე პოულ პოზიცია მოიპოვა. ამასთან, განვლილი 7 საკვალიფიკაციო რბოლიდან, ყველა „რედ ბულ რეისინგის“ პილოტებს აქვთ მოგებული. უფრო მეტიც, წინა სეზონიდან მოყოლებული, ავსტრიული კომპანიის საჯინიბოს პილოტებმა, რვა პოული აიღეს. დაკიდევ, ფეტელი ზედიზედ მე-12 რბოლას დაიწყებს წინა რიგიდან.
„გმადლობთ ბიჭებო, გმადლობთ იმისათვის, რომ ავარიის შემდეგ, მანქანა შემიკეთეთ და მორიგი გამარჯვების საშუალება მომეცით“, - თავის მექანიკოსებს მადლობა გადაუხადა ფეტელმა, ვინც პირველი თავისუფალი პრაქტიკის დროს, მანქანა ეგრეთ წოდებულ ჩემპიონთა კედელზე მიამსხვრია.
რაც შეეხება ალონსოს, სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის შემდეგ, ის პირველად დადგება მოწინავე სასტარტო რიგში. რა თქმა უნდა, ის კმაყოფილია და მისი გუნდის ესოდენ დიდი პროგრესის მიუხედავად, სიტყვაც არ დასცდნია გამარჯვებაზე. უბრალოდ თქვა, რბოლაში, რაც შეიძლება, მეტი ქულის მოპოვებას ვეცდებითო.
უებერს არ გაუმართლა. მას მესამე პრაქტიკაზე არ უასპარეზია, რადგან მის მანქანაზე კერს-ი არ მუშაობდა. მიზეზი - აკუმულატორში ენერგია არ გროვდებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მესამე თავისუფალი პრაქტიკის დროს, გუნდები მანქანებს კვალიფიკაციისთვის ამზადებენ, ავსტრალიელის მეოთხე შედეგი ურიგო არ უნდა იყოს. მითუმეტეს, „ფერარის“ პროგრესის ფონზე...
„მაკლარენი“ კი ჯერჯერობით დაკარგულია...
კანადის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:13.014
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:13.199
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:13.217
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:13.429
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:13.565
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:13.814
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:13.838
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:13.864
9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:14.062
10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:14.085
- - - - - - - - - -
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:14.752
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:15.043
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:15.285
14. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:15.287
15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:15.334
16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:15.361
17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:15.587
- - - - - - - - - -
18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:16.294
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:16.745
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:16.786
21. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:18.424
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:18.537
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:18.574
24. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:19.414
No comments:
Post a Comment