იორდანიაში ლოები გალიდერდა
Loeb leads in Jordan (Reuters)
2 აპრილი
ლოები ასპარეზობისასიორდანიაში რალის მსოფლიო ჩემპიონაის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ორი დღის შემდეგაც, რბოლას სათავეში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები მოექცა. ის 24 წამზე მეტს უგებდა თავის თანაგუნდელს, თანამემამულესა და სეხნია სებასტიან ოჟიეს. რბოლას გამოეთიშა ფინელი მიკო ჰირვონენი, რომელიც მეორე დღის მეორე სპეცმონაკვეთის გავლისას, გზისპირა თხრილს დაეჯახა, რამაც მის ”ფორდს” საკიდარი დაუზიანა.
პირველი დღის შემდეგ, ლოები რბოლის ლიდერთან, ფინელ იარი-მატი ლატვალასთან ნახევარ წუთზე მეტს აგებდა. თუმცა, მეორე დღის პირველ და მესამე სპეცმონაკვეთებზე საუკეთესო დრო ჰქონდა და ლიდერთან ჩამორჩენა 4.7 წამამდე შეამცირა. საღამოს სპეცმონაკვეთების შემდეგ კი ლოებმა 24-წამიან უპირატესობას მიაღწია. თანაც, დღის ბოლოს მისი უახლოესი მდევარი ოჟიე გახდა, ვინც ლატვალას სამ წამს უგებდა.
”კარგი დღე მაქვს. გრძელ სპეცმონაკვეთებზე ძალიან კარგი შედეგები მქონდა და სწორედ მათი წყალობით ვარ ახლა ლიდერი. ისე, შეიძლება ჯობდა, რომ ისევ მის უკან ვყოფილიყავი. ხვალ შედარებით უკეთეს გზაზე გამოსვლის საშუალება მექნებოდა. არ ვიცი, ვნახოთ. ყველაფერს ვიღონებ, რომ ლიდერის პოზიცია შევინარჩუნო”, - განაცხადა ლოებმა, ვინც რბოლის დარჩენილ 8 სპეცმონაკვეთზე გზის გამხსნელის როლს შეასრულებს და აქედან გამომდინარე, მეტოქეებთან შედარებით, ოდნავ უარეს პირობებში მოუწევს ასპარეზობა.
მართალია, ლიდერობა დაკარგა, მაგრამ დღის შედეგებით მაინც კმაყოფილია ლატვალა, ვისაც დარჩენილ ეტაპებზე, მის წინ მყოფი ეკიპჟები გზას გაუწმენდენ და ამით, მცირე უპირატესობას მიანიჭებენ. ლატვალა ფიქრობს, რომ ტაქტიკური მოსაზრებით, ზოგიერთი (ლოებს და ოჟიეს გულისხმობს) ალბათ ისურვებდა, რომ მის წინ არ ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა ის ამ მცირე უპირატესობის ხელიდან გაშვებას აღარ აპირებს.
დღის ბოლო სპეცმონაკვეთზე დატრიალდა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ფინელი კიმი რაიკონენი, თუმცა გზის განგრძობა შეძლო და წინა დღესთან შედარებით, ორი პოზიციით წინ წაიწია.
იორდანიის რალი (ორი დღის შემდეგ)
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2:41:06.700
2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) +00:24.600
3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 00:27.700
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:43.200
5. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:48.800
6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 05:05.700
7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 06:51.000
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 08:09.000
9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 10:04.000
10. ქსავიერ პონსი (ესპანეთი, ფორდი) 10:17.700
No comments:
Post a Comment