ფ1 ძრავების ახალ რეგლამენტს ამზადებს
29 აპრილი
ესპანური სპორტული გამოცემა ”ელ მუნდო დეპორტივო” გვამცნობს, რომ ფორმულა 1-ის გუნდებმა, შეთანხმებას მიაღწიეს ძრავების ახალი რეგლამენტზე, რომელიც ძალაში 2013 წლიდან შევა. ამჟამად მოქმედი რეგლამენტი 2012 წლის სეზონის ბოლომდე ძალაშია, რის შემდეგაც, გუნდები მის რადიკალურად შეცვლას ემხრობიან.
ცნობისათვის, ბოლო სამი წელია, მიმდინარე რეგლამენტი უცვლელია. მის მიხედვით, ფორმულა 1-ის გუნდები 2.4-ლიტრიან V8 ატმოსფერულ (ჩაბერვის გარეშე) ძრავებს იყენებენ. გუნდები თანახმანი არიან, რომ ძრავების მუშა მოცულობა 1.5 ლიტრამდე, ცილინდრების რაოდენობა კი ოთხამდე შემცირდეს. ამასთან, შესაძლებელი იქნება ტურბინების (ორმაგისაც კი) გამოყენება. სწორედ ტურბინების წყალობით, ძრავები ახლანდელზე მეტი სიმძლავრის გავითარებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტი სიმძლავრე ფორმულა 1-ის ძრავებს ტურბოს ერაში ჰქონდათ, როდესაც აგრეგატების საკვალიფიკაციო ვერსიები 1500 ცხენის ძალასაც კი ავითარებდნენ. თუმცა, ასეთი ძრავების რესურსი ძალიან მცირე იყო - ისინი მხოლოდ 15 წუთს მუშაობდნენ, რის შემდეგაც მწყობრიდან გამოდიოდნენ.
ახალი რეგლამენტი, ძრავების სიმძლავრის უკონტროლო ზრდას არ გამოიწვევს. სამაგიეროდ, მისით ის ავტომწარმოებლები არიან დაინტერესებულნი, რომლებიც ფორმულა 1-ის გუნდებს ძრავებით ამარაგებენ. ამის მიზეზი კი შემდეგია - ავტომწარმოებლები მცირელიტრაჟიან ტურბო ძრავებს, სერიულ ავტომობილებში სულ უფრო ხშირად იყენებენ და ამიტომ, შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარება მათს ინტერესებში შედის. ესეც რომ არა, ამ ტიპის ძრავები ატმოსფერულ ძრავებზე მნიშვნელოვნად ეკონომიურებია და შესაბამისად, ეს საწვავის ავზის შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა.
”თუ გვინდა, რომ ფორმულა 1-ს სერიული ავტომობილებისთვის შემუშავებული ტექნოლოგიების პოლიგონის, სიახლეების შემომტანის სტატუსი დაუბრუნდეს, მაშინ ახალი რეგლამენტით, ძრავის ცილინდრების რაოდენობა მხოლოდ ოთხი უნდა იყოს, უნდა შეიძლებოდეს ტურბოკომპრესორის და სისტემა GDI-ს (საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა) გამოყენება”, - ამბობს ”ფერარის” (კომპანიის და არა გუნდის) გენერალური დირექტორი ამაედეო ფელისა.
გარდა ამისა, გუნდებს კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) დაბრუნებაც აწყობთ. მისი გამოყენება რეგლამენტით არც ახლაა აკრძალული, თუმცა გუნდებს შორის მიღწეული მორატორიუმით, მსგავსი მოწყობილობების გამოყენებაზე ისინი უარს ნებაყოფლობით ამბობენ.
”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი ამბობს, რომ კერს-ის რეგლამენტით დაშვება პროგრესული ნაბიჯი იქნება, თუმცა დღეს ამ სისტემის დაბრუნება გამართლებული არ იქნება და აი, რატომ: ”გაცილებით ადვილია, როდესაც კერს-ს და ძრავს ერთდროულად ქმნი. როცა ძრავი გაქვს და ცდილობ, კერს-ი მას მიუსადაგო, უამრავ წინააღმდეგობას აწყდები, რომელთა გადაჭრაც დიდ პრობლემას წარმოადგენს”.
No comments:
Post a Comment