ფრენკ უილიამსი კერს-ის დაბრუნების მომხრეა
Williams: KERS key to F1's green image
11 აპრილი
კიმეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემა, ანუ კერს-ი, ის სიახლე იყო, რომელმაც ფორმულა 1-ის შარშანდელ სეზონში ლამის ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მისი წყალობით, ბოლო წლების აღიარებული ლიდერები - ”ფერარი” და ”მაკლარენი” ჩრდილში მოექცნენ, ჩემპიონობისთვის კი ”ბრაუნმა” და ”რედ ბულმა” იბრძოლეს.
გუნდებმა ამ სისტემის შექმნასა და დახვეწაზე ბევრი იმუშავეს, მაგრამ მხოლოდ სამმა გარისკა ახალი სისტემის გამოყენება, მათგან კი ყველაზე უკეთ ”მაკლარენმა” იასპარეზა. მაგრამ შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, ყველა გუნდი შეთანხმდა იმაზე, რომ ამ სეზონში კერს-ს არ გამოიყენებდნენ. რეგლამენტი ამ სისტემის გამოყენებას არ კრძალავს, მაგრამ გუნდების მორატორიუმი მოქმედებს და კერს-საც ჯერჯერობით არავინ იყენებს.
ახლა კი პირველი, ვინც კერს-ის დაბრუნებაზე ალაპარაკდა, ”უილიამსის” შეფი ფრენკ უილიამსია, ვისაც მიაჩნია, რომ აღნიშნული სისტემის დაბრუნება, ბუნების ქომაგთა თვალში, ფორმულა 1-ის იმიჯს გააუმჯობესებს. მალაიზიური დიდი პრიზის შემდეგ, გუნდების ხელმძღვანელებმა თათბირი გამართეს, რომელზეც კერს-თან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სერ ფრენკმა თავისი აზრი სწორედ ამ თათბირზე გამოთქვა.
”კერს-ს ფორმულა 1-სთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, ის ძალიან ძვირი ჯდება, ტექნიკურადაც საკმაოდ რთულია და მძიმეც არის, მაგრამ ადრე თუ გვიან, ფ1-ის ის დასჭირდება:, - განაცხადა უილიამსმა.
”ფერარის” და ”მაკლარენის” გარდა, შარშან კერს-ი ”ბეემვემ” და ”რენომაც” გამოიყენეს, თუმცა ამ ორმა ის მალევე მოხსნა თავისი მანქანებიდან. ”მაკლარენმა” კი სწორედ ამ სისტემის დახმარებით შეძლო რბოლების მოგება. სისტემა სხვა გუნდებმაც, მათ შორის, ”უილიამსმაც” შეიმუშავეს, თუმცა, ის ერთხელაც არ გამოუყენებიათ. სხვათა შორის, ”უილიამსის” მიერ შემუშავებული სისტემა სხვებისასგან განსხვავდებოდა - მასში ენერგია სპეციალური მქნევარას მეშვეობით გროვდებოდა. ინგლისურმა გუნდმა ეს სისტემა დახვეწა და ახლა მას დიდ ავტომწარმოებლებს სთავაზობს.
რაც შეეხება ”ბრაუნს” და ”რედ ბულს”, მათ ჩემპიონატის დაწყებამდევე გადაწყვიტეს, რომ არ გამოეყენებინათ კერს-ი და მანქანის ის ვარიანტები შეიმუშავეს, რომლებიც კერს-ის გამოყენებას არ ითვალისწინებდა. და, მოგებულებიც დარჩნენ. დღეს კი უილიამსი ამბობს, რომ თუ კერს-ს დააბრუნებენ, ის გუნდები, რომლებიც მის გამოყენებაზე უარს იტყვიან, არაკონკურენტუნარიანობისთვის გაწირავენ საკუთარ თავს.
”გასული სეზონის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემაზე უარი ვთქვით, მის დახვეწას ყველა აგრძელებს. და დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე მის გამოყენებას არ ისურვებს, გამარჯვებაზე შეუძლია არც იფიქროს”, ამბობს უილიამსი და დასძენს, რომ მისი გუნდის მიერ შემუშავებული მექანიკური კერს-ი დიდგაბარიტიანია და მისი ავტომობილზე განთავსება ძალიან გაძნელდება. ეს მით უფრო პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც რბოლების დროს საწვავის ჩამატება აიკრძალა. ამის გამო, გაიზარდა საწვავის ავზების მოცულობა და მათ ბოლიდებზე სწორედ ის ადგილი დაიკავეს, რომელზეც ”უილიამსი” კერს-ის დაყენებას აპირებდა.
No comments:
Post a Comment