ესპანეთში შუმახერს შასის შეუცვლიან
Schumacher to switch chassis for Spain
27 აპრილი
არავინ ელოდა, რომ მიხაელ შუმახერი სეზონს ასე უღიმღამოდ დაიწყებდა. პირველ ოთხ რბოლაში ის კვარცხლბეკზე ერთხელაც ვერ ავიდა. ვიღას ახსოვს ის დაპირებები, რომ გერმანელი ამ სეზონშივე იბრძოლებდა გამარჯვებებისთვის. მაგრამ როგორც ირკვევა, ასეთ ჩავარდნას ობიექტური მიზეზი ჰქონდა და ეს მიზეზი, დიდი პრიზების ცირკის ევროპაში დაბრუნებისთანავე აღმოიფხვრება.
როგორც ”მერსედესის” შეფმა როს ბრაუნმა როიტერსთან საუბრისას გაცხადა, შასი, რომლითაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს პირველ ოთხ რბოლაში გამოსვლამ მოუწია, დაზიანებული იყო და რამდენადაც, გუნდი მისი ბაზიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული, მისი გარემონტება, ან სხვა შასით შეცვლა ვერ მოხერხდა.
”შასი, რომელსაც ის ბარსელონაში მიიღებს, ახალი არაა. ის მას ბარსელონას ტესტების დროს იყენებდა. ის შასი, რომლითაც მან სეზონი დაიწყო, დაზიანდა. ჩვენ მისი გარემონტება ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, რადგან შესაბამისი სღჭურვილობა თან არ გვქონდა. ახლა კი, როცა ბაზაზე დავბრუნდით, მას აუცილებლად გამოვცვლით. ბარსელონაში ის იმ შასის გამოიყენებს, რომლითაც ტესტებზე გამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, პირველ რბოლებში განცდილი წარუმატებლობები მას უფრო მეტად განაწყობს საბრძოლველად”, - ამბობს ბრაუნი.
გარდა ამისა, გუნდის შეფი იმასაც ხაზს უსვამს, რომ თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში, შუმახერს ხელს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, ახალი ტიპის საბურავებისა, უშლის. ”მიხაელს უყვარს, როცა მანქანა ძალიან მგრძნობიარეა. სეზონის სტარტი ძალიან ქაოსური გამოდგა, გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს და ეს ჩვენთვის ხელსაყრელია. ასე რომ, დაწინაურების შანსი ჯერაც არსებობს”, - თვლის ბრაუნი.
პირველ ოთხ რბოლაში, ნიკო როსბერგმა აშკარად დაჯაბნა თავისი ტიტულოვანი თანაგუნდელი. ბრაუნი თვლის, რომ მანქანა მიხაელის მართვის სტილს არ შეეფერება, რადგან მას არასაკმარისი მოხვევადობისკენ აქვს მიდრეკილება, შუმახერი კი ნულოვან ბალანსსა და ოდნავ ჭარბ მოხვევადობასაა მიჩვეული. თუმცა გუნდი იმედოვნებს, რომ მოდერნიზებული მანქანით, რომელსაც პირველად ბარსელონაში გამოიყვანს, შუმახერი უკეთ შეძლებს თავისი შესაძლებლობების რეალიზებას.
No comments:
Post a Comment