ჩინეთში გამარჯვება საუკეთესოა ბატონის კარიერაში
Button says China win his best yet
18 აპრილი
მსოფლიოს ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა, ჩინეთის დიდ პრიზზე მოპოვებულ გამარჯვებას თავის კარიერაში საუკეთესო და ყველაზე გამორჩეული უწოდა. წვიმის აკომპანიმენტით ჩატარებული ურთულესი რბოლის დროს, ბრიტანელმა არამარტო შესანიშნავად ირბოლა, არამედ კრიტიკულ მომენტებში, ტაქტიკურადაც სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
ბატონმა ამ სეზონში მეორე, კარიერაში კი მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ”მაკლარენმა” კი 2007 წლის შემდეგ, პირველი დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, 1999 წლის შემდეგ, ეს პირველი ბრიტანული დუბლიცაა.
”ჩემთვის, ეს კარიერაში მოპოვებული ყველაზე გამორჩეული გამარჯვებაა. საერთოდ, ყოველ გამარჯვებაზე შემიძლია ამის თქმა, მაგრამ ეს მართლაც გამორჩეულია, რადგან ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია ასპარეზობამ. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ორივენი ძალიან სწრაფები ვიყავით. ჩვენ მარტო ამინდმა არ მოგვაგებინა. ჩვენ სწრაფებიც ვიყავით. არ ვიცი, მშრალ ამინდში რას მივაღწევდით, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს”, - ამბობს ბატონი, ვინც მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ავსტრალიაში მოიპოვა.
ბატონი დასძენს, რომ ამჯერად იღბლის წყალობით არ მოუგია: ”ჩვენი დღევანდელი ტრიუმფი იღბალს არ მოუტანია. ჩვენ ყველაზე უკეთ ავუღეთ ალღო პირობებს. დასაწყისში, სველზე სლიკებით ასპარეზობა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ სწორად მოვიქეცით, რომ არჩევანი რბილ რეზინზე შევაჩერეთ. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ გუნდთან ჩემი ურთიერთობის პირველი თვეები ექსტრაორფინარული იყო. ახლა თავს გუნდის სრულფასოვან წევრად ვგრძნობ”.
No comments:
Post a Comment