ეკლსტოუნს 20-რბოლიანი სეზონი სურს
Twenty F1 races for 2011 season, says Ecclestone
17 აპრილი
ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონი ბერნი ეკლსტოუნი (სურათზე) მომავალი სეზონის კალენდარში 20 ეტაპის შეტანას აპირებს. მისი გეგმით, კალენდარში სიახლე ინდოეთის დიდი პრიზი გახდება, ახლანდელი ეტაპებიდან კი ადგილს ყველა შეინარჩუნებს.
ადრე ის ამბობდა, რომ ფორმულა 1-ში მალე რამდენიმე ახალი რბოლა უნდა გამოჩნდეს, რომლებიც ზოგიერთ ევროპულ რბოლას ჩაანაცვლებენ. მაგრამ ახლა ის რადიკალურად საპირისპიროზე ლაპარაკობს და არც რბოლების რაოდენობის შემდგომ ზრდას გამორიცხავს: ”არცერთ რბოლას არ ამოვაგდებთ, მალე კი მათ რაოდენობას ალბათ 25-მდე გავზრდი”.
რბოლების რაოდენობის ზრდის პერსპექტივა ზოგიერთი გუნდის ხელმძღვანელობას არ მოსწონს. თუმცა, თითქმის ყველა მათგანი ცდილობს, რომ სეზონის დიდ ნაწილს ისევ ევროპული რბოლები შეადგენდეს. მათი წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ შტატის გაზრდა უწევთ. ეს კი იმ დროს, როდესაც ყველა ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. გარდა ამისა, ბევრი რბოლა იმას ნიშნავს, რომ გუნდებს ტექნიკური პერსონალის გაზრდა მოუწევთ, რადგან მათში დასაქმებულ ადამიანებს ოჯახები ჰყავთ და მუდმივად მოგზაურობებში ყოფნის გამო, პირადი პრობლემები ექმნებათ. ამის გამო, ზოგიერთ გუნდს ორმაგი შტატის აყვანა უწევს, რათა ისინი მორიგეობით შეენაცვლონ ერთმანეთს.
მაგრამ ბერნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფულია და როგორც ყოველთვის, ამ ძალას საბოლოოდ მაინც თავისი გააქვს ხოლმე. მითუმეტეს, მეტი რბოლა გუნდებისთვისაც მეტ შემოსავალს ნიშნავს. ამაზე კი უარს არავინ იტყვის.
No comments:
Post a Comment