”მაკლარენს” მოლოდინი არ გაუმართლდა
McLaren: Expectations not fully met
11 აპრილი
”მაკლარენის” გუნდის შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ ის თავისი გუნდისგან სეზონის უკეთ დაწყებას ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურმა გუნდმა სამიდან ერთი რბოლის მოგება შეძლო, უიტმარში მაინც უკმაყოფილოა და დასძენს, რომ უფრო მეტის მიღწევაც შეიძლებოდა.
”ჩვენი მეტად მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი სრულად არ გამართლდა. სამ რბოლაში ერთი მოვიგეთ და ჩვენი მანქანაც იმდენად სწრაფია, რომ მეტოქეებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. შეიძლება ჩემი ნათქვამი ზოგმა უბრალო თვითკრიტიკად აღიქვას - სხვა თუ არაფერი, ჯენსონმა რბოლის მოგება შეძლო და კონსტრუქტორთა პირველობაზე მეორე ადგილი გვიკავია, მაგრამ ეს სრულებით არ გვაკმაყოფილებს. ”მაკლარენი” ყოველტვის პირველობისთვის იბრძვის და მეორე ადგილი, ან ცალკეული გამარჯვებები ვერ დაგვაკმაყოფილებს. ახლა მთავარია, მანქანა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და შეცდომებიც აღარ დავუშვათ”, - ამბობს უიტმარში.
ის ასევე აცნობიერებს იმ ფაქტსაც, რომ პირველ სამ რბოლაში მისმა გუნდმა ბევრი დადებითიც მიიღო, რომელთაგან მთავარი ისაა, რომ გუნდის წევრები ახლა უფრო თავდაჯერებულნი და მონდომებულნი არიან, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც ლიდერებთან ჩამორჩენა გაცილებით დიდი იყო.
”ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჯენსონი გუნდს კარგად შეეწყო და რბოლის მოგებაც მოასწრო, ლუისმა კი შესანიშნავად იასპარეზა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საბრძოლო განწყობა გვაქვს. შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ უფრო სტაბილურები გავხდეთ და რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვება შევძლოთ. ამ ქულებს სეზონის ბოლოს ოქროს ფასი დაედება და ამიტომ მათი ფანტვა გაუმართლებელი ფუფუნება იქნება”, - დასძენს უიტმარში და იქადნის, რომ ჩემპიონატის ევროპული სეზონიდან, მისი გუნდი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, რადგან ბარსელონაში მანქანაზე რამდენიმე სიახლის გამოყენებაა მოსალოდნელი.
No comments:
Post a Comment