”ფერარის” მესამე პილოტად როსი სურს
Valentino Rossi
26 აპრილი
უკვე დიდი ხანია, ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო ოცნებობს იმაზე, რომ ფორმულა 1-ის მოწინავე გუნდებს სამ-სამი მანქანის გამოყვანის უფლება მისცენ. ის თვლის, რომ უფრო სამართლიანი ეს იქნება, ვიდრე ის, რომ ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა, ახალი, სუსტი გუნდების (როგორებიცაა ლოტუსი, ვირჯინი და ისპანია) დამატების ხარჯზე გაიზარდოს.
ადრე დი მონტეძემოლო ამბობდა, რომ თავის გუნდში მესამე პილოტად მიხაელ შუმახერის მიწვევა სურდა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ”მერსედესში” გადავიდა, ლუკა მესამე მონოპოსტზე ვალენტინო როსის გამწესებაზე ფიქრობს.
როსის ”ფერარის” მანქანით ტესტებში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა და თავისი სიჩქარით სპეციალისტები გაუკვირვებია. მაგრამ ფორმულა 1-ში გადასვლის რეალური სურვილი არ გამოუთქვამს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მოტო გრანპრიში მისი მოტივაცია მორიგი საჩემპიონო ტიტულის მოპოვების შემდეგ ამოიწუროს.
არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელმაც შესაძლოა, როსის ფ1-ში გადასვლას შეუწყოს ხელი. ის ახლა ”იამაჰას” გუნდში გამოდის, რომლის ერთ-ერთი მთავარი სპონსორიც ”ფიატია”. იტალიური ავტო კონცერნი მოტო რბოლებში სწორედ როსის ყოფნამ მიიზიდა. თანაც, ”ფიატის” მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე დი მონტეძემოლოს ემხრობა და ფ1-ში სამ-სამი პილოტის გამოყვანის იდეას უჭერს მხარს.
No comments:
Post a Comment