სენამ შეიძლება ”ლოტუსში” ტრული შეცვალოს
Bruno Senna to Replace Trulli at Lotus?
31 ოქტომბერი
ბრუნო სენას (სურათზე) ამ სეზონში თავი არაფრით გამოუჩენია. შეიძლება ითქვას, რომ მას ამის საშუალება არც ”ისპანია რეისინგის” უვარგისმა მანქანამ მისცა. თუმცა, ამის მიუხედავად, დიდია შანსი იმისა, რომ ბრაზილიელი პილოტი მომავალ სეზონში ”ლოტუსში” ვიხილოთ.
ეს ინფორმაცია ბრაზილიურმა გამოცემა ”ო გლობომ” გაავრცელა, რომლის ცნობითაც, ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონის, ლეგენდარულ ბრაზილიელ აირტონ სენას დისშვილი მოლაპარაკებას ”ლოტუს-რენოსთან” (ჯერჯერობით, ლოტუსს ძრავებით კოსუორტი ამარაგებს, მაგრამ მომავალი სეზონიდან, ფრანგულ ძრავებს მიიღებს) აწარმოებს და მასთან ერთწლიან კონტრაქტს მალე გააფორმებს.
”ბრუნო სენა მომავალ სეზონს უკეთეს გუნდში გაატარებს. ის მოლაპარაკებას ”ლოტუსთან” აწარმოებს და შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია”, - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ცნობაში. იმავე ცნობაში გამოთქმულია ვარაუდი იმის შესახებ, რომ სენა, არც მეტი, არც ნაკლები, იტალიელ იარნო ტრულის შეცვლის, რომელსაც თვალი ამერიკაში მეტად პოპულარულ, ნასქარ-ის სერიისკენ უჭირავს.
აღსანიშნავია, რომ ”ისპანიას” ბოლიდი, რომელიც ესპანური გუნდისთვის იტალიურმა კომპანია ”დალარამ” შექმნა, მეტისმეტად არასაიმედოა. ამის შედეგი ისაა, რომ განვლილ 16 რბოლაში, სენამ ფინიშს 9-ჯერ ვერ მიაღწია. ამის პარალელურად, მას გუნდის მენეჯერ კოლინ კოლესთან ურთიერთობაც დაეძაბა, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს ბრაზილიელის გამოსვლებზე.
მათ შორის ურთიერთობა კი ბრიტანეთის დიდი პრიზის წინ დაიძაბა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კოლესმა დროებით სენას სათადარიგოთა სკამზე დასმა გადაწყვიტა. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ ბრუნომ ”დალარას” მიერ დამზადებული ბოლიდი უვარგისად სცნო.
No comments:
Post a Comment