ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, October 24, 2010

”რედ ბულის” კორეული საშინელება - ალონსო ლიდერია

Alonso grabs F1 lead in Red Bull nightmare

24 ოქტომბერი

ალონსო სეზონში მეხუთე გამარჯვებას ზეიმობს
..............................

კორეული დიდი პრიზის შემდეგ, ბევრს ალბათ 2007 წლის სეზონის მიწურული გაგახსენდათ. მაშინ თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში, პირველობისთვის ”მაკლარენის” ორი პილოტი - ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო იბრძოდნენ. საბოლოოდ კი ჩემპიონი ”ფერარის” კიმი რაიკონენი გახდა, რომელიც ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, ლიდერს 17 ქულით ჩამორჩებოდა.

დღეს უკვე შეიქმნა მსგავსი სიტუაცია. ოღონდ, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, ახლა უკვე ალონსომ, იმავე ”ფერარის” მანქანით, სასწაულებრივი გარღვევა განახორციელა და ჩემპიონატს სათავეში მოექცა. არადა, თუნდაც იტალიასა და სინგაპურში მოპოვებული გამარჯვებების მიუხედავად, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ”რედ ბულის” ორივე პილოტს უკან ჩამოიტოვებდა.

რბოლა ორჯერ უსაფრთხოების მანქანამ დაიწყო

..............................

კორეული რბოლა კი ქაოსური გამოდგა. ჯერ იყო და, კოკისპირულის გამო, რბოლამ სტარტი დაგვიანებით აიღო. შემდეგ, იმის გამო, რომ ხილვადობა თითქმის ნულოვანი იყო, შეწყდა. 48 წუთიანი ლოდინის შემდეგ კი ისევ განახლდა. თუმცა, პეისკარს კიდევ რამდენჯერმე დასჭირდა ტრასაზე გამოსვლა.

”რედ ბულს” პირველად მე-18 წრეზე არ გაუმართლა, როდესაც ჩემპიონატის ლიდერ მარკ უებერს მანქანა მოუცურდა. ”რედ ბულის” ბოლიდი ჯერ დამცავ ზღუდეს დაეჯახა, შემდეგ კი ნიკო როსბერგის ”მერსედესიც” დაამტვრია და რბოლაც მისთვის იქვე დასრულდა.

ავსტრიული გუნდისთვის პირველი კორეული რბოლა ფინიშამდე 10 წრით ადრე დასრულდა, როდესაც მოულოდნელად, სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, ლიდერ ფეტელს ალონსომ გაუარა. არადა, ფეტელს შეცდომაც არ დაუშვია... თუმცა, მალე მისი შენელების მიზეზიც გაირკვა - მისმა მანქანამ სქელი ბოლი გაუშვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ”რენოს” ძრავმა სული დალია.

ძლიერი წვიმის გამო, რბოლა ერთხელ შეწყდა

..............................

ალონსომ ლიდერობა იგდო ხელთ. არადა, ლიდერი ჰამილტონი იქნებოდა, ცოტა ხნით ადრე, მას შეცდომა რომ არ დაეშვა. ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოსვლისას, ბრიტანელი ტრაექტორიას გასცდა, რის გამოც, გაზის პედლიდან ფეხის აღება მოუხდა. ამით კი შესანიშნავად ისარგებლა ალონსომ. მოკლედ, ესპანელმა ბოლო ოთხ რბოლაში მესამე გამარჯვება მოიპოვა, რაც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ლიდერობაც მას ეგდო ხელთ.

ამგვარად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ამ სეზონში მეხუთე (ყველაზე მეტი) გამარჯვება მოიპოვა და თუ კორეამდე, ლიდერ უებერს 14 ქულით ჩამორჩებოდა, ახლა მას აქეთ უგებს 11 ქულას. კიდევ 10 ქულით უკანაა ჰამილტონი, რომელმაც ფინიშს მეორემ უწია და ჩემპიონატში მესამეზე გადაინაცვლა. საჩემპიონო რბოლას ფაქტობრივად გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, ვინც მე-12 ადგილი დაიკავა და შინ უქულოდ გაბრუნდა. ახლა ის ალონსოს 42 ქულით ჩამორჩება. დარჩენილ ორ რბოლაში მაქსიმუმ 50 ქულის აღება შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონს ტიტულის შენარჩუნების მათემატიკური შანსი მაინც რჩება.

სხვათა შორის, ალონსოს მესამე ტიტულის განაღდება შემდეგ ეტაპზევე, ბრაზილიაშივე შეუძლია. ამისათვის, მან უნდა მოიგოს და უებერმა მეხუთე ადგილზე მაღლა ადგილი ვერ უნდა დაიკავოს, ჰამილტონმა კი მოწინავე შვიდეულში შესვლაც ვერ უნდა შეძლოს.

”ამ სეზონში ეს ჩვენი გუნდის საუკეთესო რბოლაა. ბედნიერები ვართ, თუმცა ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. ქულების ახალი სისტემა ბევრ სიურპრიზს გვპირდება. ასე რომ, ჯერ ზეიმი ნაადრევია”, - განაცხადა ალონსომ, ვისთვისაც, კორეაში მოპოვებული გამარჯვება, 26-ეა კარიერაში.

მარცხის მიუხედავად, რბოლის შემდეგ, არცთუ უკმაყოფილო ჩანდა უებერი, ვისაც ამიერიდან, ტიტულის მოცილედ ფეტელი აღარ ეყოლება. ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დარჩენილ ორ რბოლაში, ფეტელი და მთელი გუნდი, მის სასარგებლოდ იმუშავებენ.

სამხრეთ კორეის დიდი პრიზი

იონგამი. ტრასა 5.621 კმ, 55 წრე. დისტანცია 309.155 კმ

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 2:48:20.810

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:14.999

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:30.868

4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:39.688

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:47.734

6. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:53.571

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 01:09.257

8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:17.889

9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 01:20.107

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:20.851

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:24.146

12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:29.939

13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

14. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე

15. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2 წრე

გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 9 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 10 წრე

გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 16 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 24 წრე

გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 25 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 30 წრე

გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 30 წრე

გ. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 37 წრე

გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 37 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:50.257, 42-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო - 231 ქულა; 2. მარკ უებერი - 220; 3. ლუის ჰამილტონი - 210; 4. სებასტიან ფეტელი - 206; 5. ჯენსონ ბატონი - 189; 6. ფელიპე მასა - 143; 7. რობერტ კუბიცა - 124; 8. ნიკო როსბერგი - 122; 9. მიხაელ შუმახერი - 66; 10. რუბენს ბარიკელო - 47; 11. ადრიან სუტილი - 47; 12. კამუი კობაიაში - 31; 13. ვიტანტონიო ლიუცი - 21; 14. ვიტალი პეტროვი - 19; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 18; 16. სებასტიან ბუემი - 8; 17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) - 6; 18. ნიკ ჰაიდფელდი - 6; 19. ხაიმე ალგერსუარი - 3

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 426 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 399; 3. ფერარი - 374; 4. მერსედესი - 188; 5. რენო - 143; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 68; 7. უილიამს-კოსუორტი - 65; 8. ზაუბერ-ფერარი - 43; 9. ტორო როსო-ფერარი - 11

No comments:

Post a Comment